COVID-19 - ბოლო ცნობები

ტრამპის გეგმები აშშ-ის ჯანმო-დან გასვლის თაობაზე: ლავროვის კომენტარი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 30 დღეში ყველა პრობლემის გადაჭრა, როგორც ამას ამერიკის პრეზიდენტი მოითხოვს, შეუძლებელია
Sputnik

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა არ უნდა შეეწიროს გეოპოლიტიკურ თამაშებსა და ამბიციებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისწერა წერილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეიესუსს, რომელშიც ნათქვამია, რომ ვაშინგტონი სრულად შეწყვეტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებას და გადახედავს წევრობის საკითხს, თუ ორგანიზაცია 30 დღის განმავლობაში არ ჩაატარებს რეფორმებს, რომლებიც შეერთებული შტატები მოითხოვს. ​ამერიკის ლიდერის თქმით, მისმა ადმინისტრაციამ გამოიძია ჯანმოს „წარუმატებელი რეაგირება“ კორონავირუსის პანდემიაზე.

ტრამპმა ჯანმოს დირექტორს ულტიმატუმი წაუყენა: ვადა - 30 დღე

„დარწმუნებული ვარ, რომ ჯანმო, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სტრუქტურა, სრულყოფას საჭიროებს. ეს არ შეიძლება იყოს ერთჯერადი მოქმედება, რომელიც 30 დღეში მოაგვარებს ყველა პრობლემას, ან ასახავს ყველა იმ სირთულეს, რომელიც ამ გზაზე წარმოიქმნება 30 დღეში, და მათი გადალახვის ყველა გზებს”, - განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნების საბჭოს სხდომის შედეგებს მიეძღვნა.

მინისტრის თქმით, საჭიროა ერთობლივი ადეკვატური ანალიზი იმ სიტუაციისა და ფაქტების, რომლებსაც „დასავლელი კოლეგები საერთოდ არ ითვალისწინებენ თავიანთი პოლიტიკური ინიციატივების პოპულარიზაციაში საერთაშორისო ასპარეზზე". ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა არ უნდა შეეწიროს გეოპოლიტიკურ თამაშებსა და ამბიციებს.

„იმედი მაქვს, რომ იმ შეთანხმებების შედეგად, რომლებიც გათვალისწინებულია დეკლარაციაში, რომელიც დღეს უნდა მიიღოს ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ, საერთაშორისო თანამშრომლობა სწორედ ამ ტრაექტორიაზე გადავა“, - დაასკვნა მან.

ადრე ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ ერთხმად მიიღო დადგენილება COVID-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტებზე თანაბარი წვდომის შესახებ და პანდემიის დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობის გამოძიების შესახებ.