მსოფლიო დღეს

მოემზადეთ ძლიერი მაგნიტური ქარიშხლებისთვის: დასახელდა უახლოესი მძიმე დღეები

იმ დღეების წინასწარ ცოდნა, როდესაც მაგნიტური ქარიშხლებია მოსალოდნელი, დაგეხმარებათ მოემზადოთ და მინიმუმამდე დაიყვანოთ მისი ნეგატიური ზემოქმედება.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. მაგნიტური ქარიშხლები ყოველთვის უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანების, განსაკუთრებით კი მეტეოდამოკიდებულების მდგომარეობაზე. ამიტომ იმ დღეების წინასწარ ცოდნა, როდესაც ეს მოვლენაა მოსალოდნელი, დაგეხმარებათ მოემზადოთ და მინიმუმამდე დაიყვანოთ მისი ნეგატიური ზემოქმედება, წერენ სპეციალისტები.   

მოუსმინეთ დედამიწის სიმღერას: პლანეტის მაგნიტური ველის ბგერები თანამგზავრებიდან

ექსპერტების თქმით, მაგნიტური ქარიშხლებისას დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად აქტიურია იმ მომენტში მზე. თუ ის ძალიან აქტიურია, მაშინ ჯანმრთელი ადამიანებიც კი იგრძნობენ თავს შეუძლოდ.

მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის მონაცემებით, მიმდინარე თვეში უკვე რამდენჯერმე იყო მაგნიტური ქარიშხალი, თუმცა მომდევნო დღეებში მოვლენა ისევაა მოსალოდნელი.

მაგალითად, 18 მაისს დაწყებული უმნიშვნელო აფეთქებები მზეზე ამ დღეებში (18–21 მაისი) იმდენად სუსტ მაგნიტურ ქარიშხლებს წარმოშობს, რომ მათ გავლენას მეტეოდამოკიდებული ადამიანებიც კი ვერ იგრძნობენ.  

თუმცა მოვლენების ჯერი ამით არ დასრულდება.

23 მაისს ისევაა მოსალოდნელი სუსტი შეტევა, ხოლო 28–29 მაისს ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი იქნება.

მაგნიტური (გეომაგნიტური) ქარიშხალი — დედამიწის გეომაგნიტური ველის შფოთვაა, რომელსაც პლანეტის შემოგარენში მზის ქარის ნაკადების შემოჭრა და მათი დედამიწის მაგნიტოსფეროსთან ურთიერთქმედება იწვევს. მოვლენა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღის მანძილზე უწყვეტად. 

აღსანიშნავია, რომ მაგნიტური ქარიშხლების გამო ყველაზე ცუდად თავს იგრძნობენ გულ-სისხლძარღვთა და სახსრების დაავადებების მქონე, ასევე ჰიპერტონიისადმი მიდრეკილი, მეტეოდამოკიდებული და ფსიქოემოციურად არასტაბილური ადამიანები. თუმცა ჯანმრთელობის პრობლემებს ამა თუ იმ დონით აბსოლუტურად ყველა შეიგრძნობს. 

მედიკოსების თქმით, მეტეოშეტევების დროს თავს იჩენს უმიზეზო თავის ტკივილი, შაკიკი, არტერიული წნევის ცვალებადობა, განწყობის ცვლა — აღგზნებიდან აპათიამდე, უძილობა და დეპრესიული განწყობა.

მედიკოსები მაგნიტურ ქარიშხალთან დაკავშირებით შემდეგ რეკომენდაციებს იძლევიან:

  • დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე - ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა; გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
  • კარგია კონტრასტული შხაპის მიღება - ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
  • დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი - სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
  • არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
  • საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
  • მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
  • ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება - კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
  • კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.