მსოფლიო დღეს

გიგანტური ცუნამის საფრთხე: ალასკას 300-მეტრიანი ტალღები ემუქრება

სწავლულთა თქმით, მყინვარ ბარის დნობის შედეგად ფორმირდება უზარმაზარი მეწყერი, რომლის მასაც მილიონობით ტონას მიაღწევს. მოსალოდნელი კატასტროფის ანიმაციური გამოსახულება ინტერნეტით ვრცელდება.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ალასკას გიგანტური ცუნამი ემუქრება, რისი მიზეზიც მყინვარ ბარის სწრაფი დნობა გახდება, აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები. 

გეოლოგიური და გეოფიზიკური სამსახურის ქვედანაყოფის დირექტორმა სტივ მასტერმანმა და მისმა კოლეგებმა მყინვარზე დაკვირვების შედეგები ღია წერილით აცნობეს ხელისუფლებას.

„დამანგრეველი ცუნამი შესაძლოა მოხდეს ერთი წლის, ან, უფრო სავარაუდოდ, ოცი წლის განმავლობაში“, —  ნათქვამია ღია წერილში.

სწავლულთა თქმით, მყინვარ ბარის დნობის შედეგად ფორმირდება უზარმაზარი მეწყერი, რომლის მასაც მილიონობიოთ ტონას მიაღწევს. მოსალოდნელი კატასტროფის ანიმაციური გამოსახულება ინტერნეტით ვრცელდება. 

გეოლოგიური და გეოფიზიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი ანა ლილედალი განმარტავს, რომ მეწყერი ჯერჯერობით ნელა მოძრაობს, მაგრამ ცვლილება ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს და მაშინ ფიორდის წყლებში ჩატანილი მილიონობით ტონა მეწყრული მასა დაახლოებით 300 მეტრი სიმაღლის ტალღებს წარმოქმნის.

მეცნიერები განმარტავენ, რომ მეწყრის საფრთხის შესახებ კვლევა ჯერჯერობთ არ გამოუქვეყნებიათ რეცენზირებულ სამეცნიერო ჟურნალში, მაგრამ მიაჩნიათ, რომ საშიშროების თაობაზე გაფრთხილება დაუყოვნებლივ უნდა გაევრცელებინათ.

მათი თქმით, მეწყრის კატასტროფული მოძრაობის „გამშვებ მექანიზმად“ შეიძლება იქცეს როგორც ხანგრძლივი წვიმები, ისე ძლიერი თოვა თუ სითბური ტალღები.

აღსანიშნავია, რომ ალასკაზე უკვე მოხდა ასობით მეტრი სიმაღლის ცუნამი 2015 წელს, რომლის მიზეზიც ასევე გახდა მყინვარის დნობით გამოწვეული უზარმაზარი მეწყერი.