COVID-19 - ბოლო ცნობები

ჩინეთში კარანტინი განახლდა: უფრო მკაცრი, ვიდრე აქამდე

პროვინციის მოსახლეობის თქმით, ახალი საკარანტინო შეზღუდვები იმაზე ბევრად მკაცრია,  ვიდრე ეს კორონავირუსის პირველი ტალღის დროს იყო.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ჩინეთის ხელისუფლებამ რუსეთის საზღვართან მდებარე პროვინცია გირინში საკარანტინო შეზღუდვები განაახლა, ვინაიდან რეგიონში ერთი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება Bloomberg-ი. 

მეორე ტალღის საფრთხე: უჰანში COVID-19-ზე მთელი მოსახლეობის სკრინინგი იწყება

გირინის ყველა დასახლებულ პუნქტში სრულადაა შეჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, დაკეტილია სკოლები და მაღაზიები. კარანტინზეა გადაყვანილი ათასობით ადამიანი, რომლებსაც შესაძლოა კონტაქტი ჰქონოდათ დაავადებულებთან.

ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევები რუსეთიდან დაბრუნებულ ჩინელებს უკავშირდება.

პროვინციის მოსახლეობის თქმით, ახალი საკარანტინო შეზღუდვები იმაზე ბევრად მკაცრია, ვიდრე ეს კორონავირუსის პირველი ტალღის დროს იყო ჩინეთში. აღინიშნება, რომ სახლიდან გასვლა ნებადართულია მხოლოდ და მხოლოდ პროდუქტების შესაძენად და ისიც ოჯახიდან მხოლოდ ერთი წევრისთვის.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 84 063 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გარდაიცვალა 4 638 და განიკურნა 79 310 ადამიანი.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისათვის 4 805 544 კაცს აღწევს, რომელთაგან გარდაიცვალა 318 596 და გამოჯანმრთელდა 1 787 595 ადამიანი.