მდინარე ქსანზე ახალი ხიდის მშენებლობა ვადაზე ადრე დასრულდება

ხიდი საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილი იქნება და ორივე მიმართულებით ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფს.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთი-თბილისის მონაკვეთზე, მდინარე ქსანზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. 

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

ვიცე-პრემიერის თქმით, გარდა იმისა, რომ პროექტი სისტემური ინფრასტრუქტურის ნაწილია, მნიშვნელოვანია, რომ კონტრაქტორთან შეთანხმებით სამშენებლო სამუშაოები კორონავირუსის პანდემიის პერიოდში არ გაჩერებულა.

სავარაუდოდ, მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება და არა წლის ბოლოს, როგორც დაგეგმილი იყო.

„გარდა ამისა, ჩვენთვის ასეთი ტიპის და ყველა სხვა პროექტი მნიშვნელოვანია მოქალაქეების დასაქმების მიმართულებით, განსაკუთრებით კი რეგიონებში, სადაც სამუშაო პროცესი, აუცილებელი გამონაკლისების გარდა, არ გაჩერებულა“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაცემებით, არსებული ხიდი, რომელიც პატარა ხანდასა და მუხრანთან ახლოს მდინარე ქსანზე მდებარეობდა, ავარიული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა დემონტაჟს. 

ინვესტიციები კორონავირუსის მიუხედავად: იწყება ფოთის პორტის გაფართოება

პროექტის თანახმად, ახალი რკინაბეტონის ექვსმალიანი ხიდის სიგრძე 195 მეტრი, ხოლო სიგანე 14 მეტრი იქნება. ხიდი საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილი იქნება და ორივე მიმართულებით ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფს.

 მაია ცქიტიშვილმა ქვეყანაში გაზრდილ სამშენებლო აქტივობაზეც ისაუბრა.

„რამდენადაც სამშენებლო აქტივობა შესაძლებელი გახდა ყველა კომპანიისთვის, პრაქტიკულად ყველა ჩვენი პროექტი სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე რეგიონებში 800-ზე მეტი პროექტი ხორციელდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავუბრუნდეთ ისეთ დინამიკას, როგორიც გვქონდა პანდემიამდე“, – განაცხადა მინისტრმა.

ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება – მისი ღირებულება 4,1 მლნ ლარზე მეტია.