რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში: ეს ძირეულად ეწინააღმდეგება იუნესკოს პრინციპებს

კიევის სანქციები რუსული კულტურული და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ უკრაინას მსოფლიო საზოგადოებას უპირისპირებს, რომელიც, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, მთელი ძალებით ცდილობს, შეუნარჩუნოს ადამიანებს წვდომა  კულტურის ძეგლებსა თუ მუზეუმებზე.
Sputnik

აღნიშნულ თემაზე РИА Новости-სთან ინტერვიუში ისაუბრა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა იუნესკოში ალექსანდრ კუზნეცოვმა.

 

— გასული კვირის ბოლოს უკრაინამ სამწლიანი სანქციები დაუწესა რუსული კულტურისა და მეცნიერების დაწესებულებებს. სანქციების სიაში მოხვდნენ რუსული გეოგრაფიული საზოგადოება, ერმიტაჟი, პუშკინის მუზეუმი, ლომონოსოვის უნივერსიტეტი, არქეოლოგიის ინსტიტუტი და სხვ. როგორ შეაფასებდით კიევის ამ გადაწყვეტილებას?

— ეს, რა თქმა უნდა, რუსოფობიული, გამოქვაბულისდროინდელი აქციაა კიევის ხელისუფლების მხრიდან, რაც დაუშვებელია არა მარტო საერთაშორისო ურთიერთობებში, არამედ წესიერ საზოგადოებაში. ამაზე უკვე მრავალი კომენტარი გაკეთდა რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან და მათი სიტყვები რომ არ გავიმეორო, ვიტყვი, როგორ აღიქმება ეს იუნესკოს პრიზმიდან. 

ახლა, როგორც ცნობილია, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ კორონავირუსის პანდემიის შედეგებმა საფრთხე არ შეუქმნას მსოფლიო კულტურის ფასეულობებს. კერძოდ, არ უნდა დავუშვათ, რომ მილიონობით ადამიანმა დაკარგოს წვდომა ისტორიულ ძეგლებზე, მუზეუმებზე, თეატრებსა თუ საკონცერტო დარბაზებზე.

ამ ფონზე კი გამოდის, რომ უკრაინა თავისი ნაბიჯებით მსოფლიო კულტურულ საზოგადოებას უპირისპირდება. ეს იმას ჰგავს, ჯოხით შეიარაღებული ველური სიმფონიური მუსიკის კონცერტზე რომ მივიდეს და იქ სკანდალი მოაწყოს. და ეს საწყენია: წარსულში უკრაინას შესამჩნევი წვლილი შეჰქონდა იუნესკოს მოღვაწეობაში, დღეს კი ის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან კონფრონტაციის თემასთან ასოცირდება.  

სხვა სფეროებში ის უბრალოდ არ ჩანს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსოფობიული წამოწყებების არსენალი თანდათან იწურება. და დგება კითხვა: რა იქნება შემდეგ? თუ ახლა თავდასხმის ობიექტები არა მარტო რუსეთის, არამედ მსოფლიო კულტურის უმსხვილესი ცენტრებია, როგორიცაა ერმიტაჟი, რა იქნება მერე? ბოლოს რა, მაიდანზე ნაცისტების მსგავსად დაწვავენ რუსი კლასიკოსების წიგნებს?

— რა შედეგები შეიძლება მოუტანოს ამ გადაწყვეტილებამ საერთაშორისო თანამშრომლობას?

— განსაკუთრებულ შედეგებს საერთაშორისო თანამშრომლობისთვის მე ვერ ვხედავ. ცოტა ხნის წინ ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ოდრი აზულეს ვესაუბრე და მივედით დასკვნამდე, რომ ყველას ერთის საფიქრალი აქვს: როგორ შევინარჩუნოთ კულტურის ობიექტებზე წვდომა მაშინ, როცა ყველაფერი დაკეტილია, შევინარჩუნოთ ცოდნა მსოფლიო კულტურის შესახებ, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. სწორედ ამაზე იქნება, ჩემი აზრით, უახლოეს პერიოდში მთელი ჩვენი ძალისხმევა კონცენტრირებული. მათ შორის, რუსეთის აქტიური ჩართულობით.

— იუნესკომ უარი თქვა, გაეკეთებინა კომენტარი უკრაინის ხელისუფლების ნაბიჯებზე და ამის მიზეზად დაასახელა მოთხოვნა, რომელიც წევრი ქვეყნების საკითხებისადმი მიუკერძოებელ მიდგომას მოითხოვს. როგორ ფიქრობთ, უნდა ჩაერიოს თუ არა ორგანიზაცია საქმეში, მით უმეტეს, თუ ის პირდაპირაა დაკავებული კულტურის საკითხებთან?

— ამაში მე იუნესკოს სამდივნოს პოზიციას არ ვიზიარებ, რის თაობაზეც არაერთხელ მითქვამს მათთვის. მიმაჩნია, რომ ეს ორმაგი სტანდარტების გამოვლენაა. რატომაა, რომ როცა ისეთი რამ ხდება, რაც, დავუშვათ, დასავლეთს არ მოსწონს, ამას მოჰყვება ხოლმე იუნესკოს სამდივნოს რეაქცია, ხოლო როცა ჩვენ მათ თავად იუნესკოს ძირითადი ფასეულობებისა და პრინციპების დარღვევის საშინელ მაგალითებზე მივმართავთ, სამდივნო დუმს და არ რეაგირებს? 

საუბარია არა მარტო ისეთ აქციებზე, რომელზეც ახლა ვმსჯელობთ. არანაკლებ სერიოზული რაღაცეები ხდება განათლების სფეროშიც — როცა კიევის ხელისუფლება ცდილობს გააძევოს რუსული ენა ქვეყნის განათლების სფეროდან. ეს ძირეულად ეწინააღმდეგება არა მარტო იუნესკოს პრინციპებს, არამედ იმ კონკრეტულ იურიდიულ დოკუმენტებსაც, რომლებიც ამ ორგანიზაციამ მიიღო, მაგალითად, განათლების სფეროში დისკრიმინაციასთან ბრძოლის კონვენციას. ჩვენ არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება კიევის მხრიდან ამ კონვენციის წარმოუდგენელ დარღვევებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, რექცია ამას აქამდე არ მოჰყოლია.  

— უკრაინული სანქციები შეეხო სამეცნიერო არქეოლოგიურ ორგანიზაციებსაც, ყირიმის ინსტიტუტებსაც და ყირიმის ფედერალურ უნივეტსიტეტსაც. იმის გამო, რომ ნახევარკუნძული რუსეთს შეუერთდა, იუნესკომ უარი თქვა ყირიმთან მუშაობაზე. ხომ არ აღდგენილა თანამშრომლობა?

— ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ კიევში უბრალოდ არ იციან, რას სჩადიან. ამ ეგრეთ წოდებულ სანქციებში ყირიმის კულტურისა და განათლების ობიექტების ჩართვა მხოლოდ ხაზს უსვამს იმას, თუ რაოდენ დიდია ზიზღი და გულგრილობა იმ ობიექტების მიმართ, რომლებიც თითქოს მათ ტერიტორიაზე მდებარეობს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ სანქციებს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ უკვე დიდი ხანია, კიევის ზეწოლითა და მისი დასავლელი მფარველების ყოველგვარი თანამშრომლობა იუნესკოს პარტნიორებთან ყირიმში სრულიად შეწყვეტილია. ეს ეხება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ისეთ ძეგლსაც, როგორიცაა „ხერსონეს თავრიდული“. აქედან შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ არც დასავლეთის ქვეყნებს, არც უკრაინას მისი ბედი საერთოდ არ აინტერესებთ. მათთვის მთავარია, რომ იუნესკოში გამუდმებით ზედაპირზე ტივტივებდეს ყირიმის ტერიტორიული კუთვნილების საკითხი, უარყოფილი იყოს ისტორიული არჩევანი, რომელიც 2014 წელს გაკეთდა, როდესაც ყირიმის მოსახლეობის უმრავლესობამ ნახევარკუნძულის რუსეთთან მიერთებას დაუჭირა მხარი.

ამ საკითხზე დიდი ხანია ვმუშაობთ და ყოველთვის ერთსა და იმავეს ვხედავთ — ეს წმიდა წყლის პოლიტიკანობაა.

მაგრამ პრობლემა ის კი არაა, რომ ამა თუ იმ ტერიტორიის კუთვნილების საკითხს არანაირი კავშირი არ აქვს იუნესკოს მანდატთან. ეს მხოლოდ წამლავს ორგანიზაციის ატმოსფეროს, ახვევს რა თავს პოლიტიზაციას, რაც მისთვის არა მარტო არადამახასიათებელია, არამედ საერთოდაც დამღუპველია, ვინაიდან ჟანგი მას შიგნიდან ჭამს.