COVID-19 - ბოლო ცნობები

სახიფათოა შენობებში, არაეფექტურია ქუჩებში: ჯანმო დეზინფექციის საფრთხეებზე ალაპარაკდა

ამასთან ჯანმოს სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სადეზინფექციო საშუალებების გაფრქვევა არც ქუჩებშია რეკომენდებული, ვინაიდან მათი მოქმედება მტვერთან და ჭუჭყთან შერევისთანავე წყდება.
Sputnik

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. სადეზინფექციო საშუალებების გაფრქვევა ან ვაპორიზაცია (სითხის ორთქლად გადაქცევა, აორთქლება — რედ.) დახურულ სივრცეებში, გარდა იმისა, რომ არაეფექტურია COVID-19-თან ბრძოლაში, შეუძლია ზიანიც კი მიაყენოს ჯანმრთელობას, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში. 

უცნობი სინდრომი ბავშვებში: ჯანმო მსოფლიოს ექიმებს „კრიტიკულ აუცილებლობაზე“ აფრთხილებს

ჯანმოს სპეციალისტების თქმით, ისეთი ქიმიკატების გამოყენება სადეზინფექციოდ, როგორებიცაა ფორმალდეჰიდი, ქლორის ან მეოთხეული ამონიუმის შენაერთების საფუძველზე დამზადებული საშუალებები, რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ეს იწვევს თვალების, კანისა და სასუნთქი სისტემის დაზიანებას.

ორგანიზაციის ექსპერტების თქმით, ზედაპირების დამუშავება ჯობს სპეციალური ხსნარით გაჟღენთილი ჩვრის საშუალებით, ოღონდ მანამდე აუცილებელია ორგანული დამაბინძურებლებისგან მათი გაწმენდა ჯაგრისით ან საფხეკით.

„დერეფნებში, კაბინეტებსა თუ სხვა დახურულ სივრცეებში, მით უმეტეს, როდესაც იქ ადამიანები არიან, სადეზინფექციო საშუალებების გაფრქვევა არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული. ეს მავნებელია როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და, ამასთან, არ ამცირებს ინფექციის გავრცელებას ჰაერ-წვეთოვანი გზით ან პირდაპირი კონტაქტით“, — ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაციის სპეციალისტების თქმით, სადეზინფექციო ხსნარების გაფრქვევამ შესაძლოა ასევე გამოიწვიოს ბრონქოსპაზმები და პირღებინება.

ამასთან ჯანმოს სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სადეზინფექციო საშუალებების გაფრქვევა არც ქუჩებშია რეკომენდებული, ვინაიდან მათი მოქმედება მტვერთან და ჭუჭყთან შერევისთანავე წყდება.