ყვითელი ამბები

ანუკი არეშიძემ თბილისის მერს და მეოთხე ვაჟს ჩუმად გადაუღო - როგორ ერთობა მამა-შვილი?

კახა კალაძე წყნეთის ფეშენებელურ აგარაკზე შვილებთან ერთად თამაშს მხოლოდ უქმეებზე ახერხებს. შაბათი და კვირა ოთხი ვაჟისთვის საზეიმო დღეებია. ასე ერთობა ყველაზე უმცროსი კალაძე პოლიტიკოს მამასთან ერთად.
Sputnik

ანუკი არეშიძემ სახლის ეზოში გადაღებული მორიგი უსაყვარლესი ვიდეო გამოაქვეყნა. უქმეების მოახლოებას განსაკუთრებულად მისი ოთხი ვაჟი ელოდება. თბილისის მერი თითოეულ მათგანს თავისუფალ დროს უთმობს და სამაგალითო მამაა. ანუკი არეშიძის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე კარგად ჩანს პოლიტიკოსის უთბილესი დამოკიდებულება ყველაზე პატარა ნიკოლასის მიმართ. მამამ წყნეთის ეზოში უზარმაზარი ბუჩქის ქვეშ ნიკოლას სათამაშოები შეკრიბა, შვილთან ერთად ბალახზე წამოწვა და ეთამაშება. ანუკი არეშიძემ ქმარ-შვილს ამ ვითარებაში ჩუმად გადაუღო.

მოუსვენარი ნიკოლა კალაძე დედ-მამას მოდუნების არც ერთ წუთს არ აძლევს. უფროს ძმებს აწყობილ ლეგოებსა და კუბიკებს უნგრევს, მამას გაურბის და დედას ლოყებზე ჩქმეტს. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლა ოჯახის ყველაზე მოუსვენარი წევრია, უფროსი ძმები მის მორჯულებას სხვადასხვა ხერხებით ახერხებენ. ბიჭები ერთად ცეკვავენ, წყნეთის აგარაკის ეზოში ფეხბურთს თამაშობენ და მამასთან ერთად სკუტერით ერთობიან. ნიკოლა კალაძეც ცდილობს უფროს ძმებს მიბაძოს და მათგან მაგალითი აიღოს. თუმცა, საუკეთესო დროს მაინც მამასთან ერთად ატარებს, რომელსაც ხშირად ოჯახის წევრებისთვის დრო არ რჩება. ანუკი არეშიძის ერთი ჩვეულებრივი დღე ბიჭების გარემოცვაში იწყება და სრულდება. ყოველ ჯერზე ნიკოლა კალაძე კი სამსახურიდან დაბრუნებულ მამას ძალიან ემოციურად ხვდება.

თვითიზოლაციაში მყოფი მშობლები და შვილები გასართობად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. კალაძეების დიდ ოჯახში ჟრიამული არ იკლებს. ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის მიერ გამოქვეყნებული ფოტო-ვიდეოების მიხედვით, პატარა ვაჟებთან დიდ დროს დიზაინერი დედა ატარებს. ბიჭები ერთად მხიარულობენ, ზოგჯერ სხვადასხვა საგანში ემზადებიან, უფრო ხშირად კი ერთ ოთახში ერთმანეთზე ზრუნავენ. ამ ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ ანუკი არეშიძისა და თბილისის მერის სახლის დიზაინმაც მიიპყრო დამსახურებული ყურადღება.