იაფი საწვავი ფერმერებისთვის: როგორ იმუშავებს სქემა

ყველა ფერმერი, რომელიც 0,25 ჰექტრიდან 100 ჰექტამდე მიწის ნაკვეთს ფლობს, აგროტექნიკური სამუშაოებისთვის აუცილებელ დიზელის საწვავს საბაზრო ღირებულებაზე იაფად შეიძენს.
Sputnik

თბილისი, 18 მაისი - Sputnik. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და კომპანია SOCAR Georgia Petrolium-მა ფერმერებისთვის დაბალ ფასში დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

როგორ დაეხმარება საქართველოს ხელისუფლება სოფელს: ახალი პროგრამები და შეღავათები

ფერმერებისთვის დიზელის საწვავის შეღავათიან ფასებში მიწოდება მთავრობის პროგრამის ერთ-ერთი პუნქტია. ყველა ფერმერისთვის, რომელიც 0,25 ჰექტრიდან 100 ჰექტამდე მიწის ნაკვეთს ფლობს, აგროტექნიკური სამუშაოებისთვის აუცილებელი დიზელის საწვავი საბაზრო ღირებულებაზე 1 ლარით ნაკლები ეღირება. ამასთან, ლიმიტი წელიწადში 1 ჰექტარზე 150 ლიტრი იქნება. 

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტეს, ფერმერები წლის განმავლობაში კომპანია SOCAR Georgia Petrolium-ის საბითუმო ბაზებიდან დიზელის 0,2 ლარით, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან სპეციალური ბარათების საშუალებით 0,16 ლარით იაფად შეძენას შეძლებენ.

საწვავის ბარათების გაცემა მოხდება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებში და აჭარის მუნიციპალურ ცენტრებში.  

რატომ "სოკარი"

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, კომპანია SOCAR Georgia Petrolium-ის შერჩევა კომპანიის მხრიდან წარმოდგენილმა ხელსაყრელმა წინადადებამ განაპირობა.

„შერჩევის დროს კომპანია SOCAR Georgia Petrolium-მა ფერმერებისთვის დიზელის საწვავის ყველაზე დაბალი ფასი შემოგვთავაზა. ჩვენი ფერმერები მიიღებენ მაღალი ხარისხის დიზელს, რაც მნიშვნელოვანია აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელებისთვის და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“, – განაცხადა დავითაშვილმა.

აღნიშნული პროგრამით დაახლოებით 200 ათასი ფერმერი ისარგებლებს.