მაღალმთიან აჭარაში ახალი ტურისტული ობიექტი გაჩნდება

ჩირუხის პოტენციალის შესწავლისა და განვითარებისთვის აჭარის მთავრობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარი გამოყო.
Sputnik

თბილისი, 18 მაისი - Sputnik. შუახევის მუნიციპალიტეტში ჩირუხის მთაზე ახალი ტურისტული ლოკაციის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს განცხადებაში.

„ამ ეტაპზე ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფციის შემუშავება მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც ტურისტული პროდუქტის ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე მისი მართვისა და მენეჯმენტის გეგმა მომზადდება“, – აღნიშნული განცხადებაში.

ჩირუხის მთა ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, ალპურ ზონაში ტბებს შორის მდებარეობს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან და შუახევის მერთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მათ რეგიონის ტურისტული პოტენციალი და მისი განვითარების კონცეფცია განიხილეს.

ჩირუხის პოტენციალის შესწავლისა და განვითარებისთვის აჭარის მთავრობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარი გამოყო.