თბილისი, 17 მაისი — Sputnik. მთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა ჩირუხის მთაზე მიმდინარეობს, იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
მთიან აჭარაში ტურისტული პროდუქტების განვითარება გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აღნიშნული პროექტით შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას გეგმავს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ თინათინ ზოიძემ პირველი სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი თვითმართველობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და პროექტზე მომუშავე კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ჩირუხის მთაზე გამართა, სადაც არსებული ტურისტული პოტენციალი და პროდუქტის განვითარების კონცეფციები განიხილეს.
ახლო მომავალში იგეგმება ტურისტული პროდუქტის ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე მისი მართვისა და მენეჯმენტის გეგმის მომზადება.
ჩირუხის მთა ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც იალაღებსა და პატარა ტბებზე ულამაზესი ხედები იშლება. მთას სხვადასხვა ტურისტული ბილიკი უკავშირდება, რომელიც განსხვავებული ტურისტული პროდუქტების განვითარების საშუალებას იძლევა.
აჭარა საქართველოში ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ტურისტები სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ მაღალმთიანი აჭარის მიმართ. 2018 წელს ეს მხარე 244,4 ათასმა ვიზიტორმა მოინახულა (+124%).