თბილისი, 17 მაისი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა კურთხევით სასულიერო პირებმა ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოიარეს თბილისის ქუჩები და მოსახლეობა დალოცეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას მრევლი დალოცა და სამღვდელოებას მოუწოდა, რომ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშრებით ქუჩები ნაკურთხი წყლით აკურთხონ.
ავტოკოლონამ მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრიდან დაიწყო.
„პატრიარქის ლოცვა კურთხევით უკვე დიდი ხანია, ერთი კვირის განმავლობაში არის ღვთისმშობლის კვირეული და დღეს დედა ღვთისმშობელს მადლობას ვუხდით, რომ ჩვენი ქვეყანა დაიფარა ამ მძიმე განსაცდელისგან და ჟამიანობისგან. ასევე დღეს ოჯახის სიწმინდის დღეა. დღეს ვიცით, რომ არ შეიძლება ხალხის შეკრება და სასულიერო პირები, ჩვენ მივდივართ ოჯახებში“, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღეს აღნიშნავს.
თბილისის ანძა თურქმენეთის დროშის ფერებში განათდება >>
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წელს დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია სასტიკად დაარბიეს. მათი ქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ ლგბტ საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის დაცვის გარეშე არ გამართულა, ოჯახის სიწმინდის დღე კი რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.