COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამკურნალოდ გამგზავრებას შეძლებენ

თურქეთი შეზღუდვების ნაწილს აუქმებს და სამედიცინო ტურიზმს კარს 31 სახელმწიფოსთვის ხსნის, მათ შორის საქართველოს, რუსეთისა და აზერბაიჯანისთვის
Sputnik

თბილისი, 17 მაისი - Sputnik. საქართველოს, რუსეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები თურქეთში სამკურნალოდ გამგზავრებას შეძლებენ, ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 20 მაისიდან ქვეყანაში სამკურნალოდ ჩასული პაციენტებისთვის მოიხსნება კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, რომელიც შეეხება 31 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს.

„თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა შესაბამისი რეგულაციები ქვეყანაში შემოსასვლელად, საავადმყოფოში მისაღებად, სამკურნალოდ და იზოლაციის უზრუნველსაყოფად. ასევე თურქეთის ჯანდაცვის უწყება განსაზღვრავს სამკურნალოდ შემოსულ ადამიანთან ერთად თანმხლები პირების მიმართ დადგენილ რეგულაციებს/ნორმებს“, - ნათქვამია ელჩის განცხადებაში.
თურქეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ ქართველებს აფრთხილებს

საქართველოს გარდა, თურქეთში სამედიცინო ტურიზმით სარგებლობას შეძლებენ რუსეთი, ერაყი, ლიბია, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, საბერძნეთი, უკრაინა, ჯიბუტი, ალჟირი, კოსოვო, მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, რუმინეთი, სერბეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, სომალი, ქუვეითი, ყატარი, ბაჰრეინი, ომანი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, პაკისტანი, ყირგიზეთი და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკა.

თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 10 მარტს დაფიქსირდა. დღემდე დადასტურდა 146 457 შემთხვევა, მათ შორის ბოლო 24 საათში - 1 708. ქვეყნაში კორონავირუსით გარდაიცვალა სულ 4 055 ადამიანი, მათ შორის 48 პაციენტი - გასულ დღე-ღამეში.