ზუგდიდში კორონავირუსი ტრაილერის მძღოლს დაუდასტურდა

1 მაისს თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ მამაკაცი თბილისში შიდა გადაზიდვებს ახორციელებდა. მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები 9 მაისს გამოუვლინდა
Sputnik

თბილისი, 16 მაისი - Sputnik. მამაკაცი, რომელსაც ზუგდიდში პარასკევს კორონავირუსი დაუდასტურდა, ტრაილერის მძღოლია, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

მამაკაცი 17 აპრილს ჩამოვიდა ერევნიდან და 1 მაისამდე იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ ის ახორციელებდა შიდა გადაზიდვებს თბილისში, განუცხადა ჟურნალისტებს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ.

„17 აპრილიდან 1 მაისამდე იყო ოჯახში. შემდეგ გადავიდა შიდა გადაზიდვებზე, რომელიც 6 და 7 მაისს უფიქსირდება თბილისში. მას დაავადება დაეწყო 9 მაისს, მაღალი ტემპერატურით. ის თვითმკურნალობას მიმართავდა ოჯახში. როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მიმართა რუხის კლინიკას 14 მაისს, სადაც ვირუსი დაუდასტურდა“, - განაცხადა ნანა ოდიშარიამ.
COVID-19 საქართველოში:გამოჯანმრთელებულთა და დაავადებულთა რიცხვებს შორის სხვაობა თალსაჩინოა

მისივე თქმით, პაციენტი ასახელებს კონტაქტებს თბილისში. ამ ეტაპზე პაციენტის 4 კონტაქტი - ოჯახის წევრები გადაყვანილია კარანტინში, ორს გადასაყვანად ამზადებენ, მიმდინარეობს ასევე ჩაღრმავებული ეპიდკვლევა სხვა კონტაქტების გამოსავლენად. ნანა ოდიშარის ინფორმაციით, მძღოლი იმყოფებოდა ასევე ფოთშიც.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 419 ადამიანი, გარდაიცვალა – 12. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3873, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 393 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ნიკა ლატარია