თბილისი, 15 მაისი — Sputnik. იტალიის სამთავრობო კოალიციის შეთანხმება, კორონავირუსული პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, მიენიჭებინათ 500 ათასი არალეგალი მიგრანტისთვის ექვსთვიანი ბინადრობის უფლება ქვეყნის ტერიტორიაზე, ბოლო მომენტში დაბლოკა პოლიტიკურმა პარტია Movimento 5 Stelle–მ („მოძრაობა 5 ვარსკვლავი“), იუწყება ადგილობრივი გამოცემა La Stampa.
როგორც იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კარლო სიბილიამ განაცხადა, შეთანხმება არ შედგა და სხდომა, რომელსაც ახალი რეგულაცია უნდა დაემტკიცებინა, გადაიდო.
„ჩვენთვის ეს საკითხი დახურულია, შეთანხმება არ შედგა. დებატები გრძელდება“, — განაცხადა კარლო სიბილიამ, რომელიც სწორედ „მოძრაობა 5 ვარსკვლავის“ წარმომადგენელია.
გავრცელებული ინფორმაციით, სამთავრობო კოალიციის გეგმის თანახმად, ექვსთვიანი ვადა სოფლის მეურნეობის სფეროში სამსახურის მოსაძებნად უნდა მინიჭებოდათ იმ არალეგალებს, რომელთა დამსაქმებლებიც განაცხადს წარადგენდნენ და რომლებსაც აღნიშნულ დარგში მუშაობის გამოცდილება ექნებოდათ. ეს უკანასკნელი აუცილებელი პირობა იყო, რათა მათ გადამზადება–სწავლებაზე დრო არ დახარჯულიყო და წარმოება დაუყოვნელივ შესდგომოდა მუშაობას.
იმ შემთხვევაში, თუ არალეგალი ამ ექვს თვეში დასაქმებას მოახერხებდა და სამუშაო კონტრაქტს გააფორმებდა, იტალიის ტერიტორიაზე ლეგალური ბინადრობის უფლება კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში გაუხანგრძლივდებოდა.
ამასთან, იმ დამსაქმებლებს, რომლებიც მანამდე არალეგალ მიგრანტებს სამუშაოს აძლევდნენ, ჯარიმები არ დაეკისრებოდათ.
პარტია „მოძრაობა 5 ვარსკვლავის“ განმარტებით, ისინი კატეგორიულად არ ეთანხმებიან არალეგალი მიგრანტების დამსაქმებელთა ჯარიმებისგან გათავისუფლებას, ვინაიდან სასჯელის არარსებობა მათთვის, „ვინც არალეგალურ მუშახელს ექსპლუატაციას უწევს, დანაშაულებრივი ფარია“ .