ყვითელი ამბები

ნინი გოგიჩაიშვილი „მასტერშეფში“ მონაწილეობს - რა მოამზადა მოდელმა მეგა-შოუში

„მასტერშეფის“ ოფიციალურ გვერდზე ნინი გოგიჩაიშვილისა და კონსტანტინე თედელურის ვიდეო გამოქვეყნდა. ამას „მასტერშეფის“ „სთორიზე“ გამოკითხვაც დაემატა - „თქვენი აზრით, დაიმსახურებს ნინი წინსაფარს?“ - ნახეთ გამოკითხვის შედეგები.
Sputnik

„ნინის სიურპრიზი ოჯახს" - ამ სიტყვებით იწყებოდა რამდენიმე დღის წინ ნანუკა გოგიჩაიშვილის ვიდეო. აღნიშნული კადრები მანქანაში გადაიღეს. ნინი დასთან ერთად სიძის ოჯახს ესტუმრა, რისთვისაც საგანგებოდ მოემზადა. ნინი გოგიჩაიშვილმა თვითიზოლაციის პირობებში კულინარიული ნიჭი გამოავლინა და ტორტების გამოცხობას ნამდვილი კონდიტერივით შეუდგა. შედეგიც სახეზეა - მარწყვის ტარტი მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა. "ეს გაგვიკეთა ნინიმ" - ამბობდა ნანუკა ვიდეოში. როგორც მოგვიანებით სოციალური ქსელის საშუალებით გაირკვა, ნინი გოგიჩაიშვილი „მასტერშეფის“ მონაწილეა. ამის შესახებ კულინარიული შოუს ოფიციალური გვერდი იუწყება. Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს გამოკითხვაც მოჰყვებოდა. „თქვენი აზრით, დაიმსახურებს ნინი წინსაფარს?“ - ასეთია „მასტერშეფის“ გამოკითხვა. 70%-ზე მეტმა „ფოლოვერმა“ აღნიშნა, რომ მოდელი წინსაფარს დაიმსახურებს. ნინი გოგიჩაიშვილი შოუს გადაღებების შემდეგ სახლში განაგრძობს ოჯახის წევრების გაოცებას. მალე მის კულინარიულ შესაძლებლობებს თაყვანისმცემლები ტელეეკრანებზე იხილავენ.

ნინი გოგიჩაიშვილი ეკრანებზე გამოჩენის შემდეგ სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ტელეწამყვანის ამპლუაში მოდელი GDS-ის გადაცემა „ბინა 18“-ში გამოჩნდა. მას შემდეგ ნინის გარშემო განვითარებული მოვლენები და კარიერული მისწრაფებები ყველა დაინტერესებულმა კარგად იცის. ამას ისიც განაპირობებს, რომ ულამაზესი და დახვეწილი მოდელი სოციალურ ქსელში გამორჩეული „ინფლუენსერია“, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიმართ ინტერესი მუდამ იზრდება. ნინის Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე 77 ათასამდე “ფოლოვერი“ ჰყავს.

ნინი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კურსდამთავრებულია. გოგონა ირჩევს ცხოვრების აქტიურ რიტმს და ურთიერთობას ადამიანებთან, ვისგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება. გოგიჩაიშვილი თავს შრომისმოყვარე პიროვნებად მიიჩნევს და მისთვის წარმატების ფორმულა არის სწორედ შრომისმოყვარეობა და საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა. მან სამოდელო სფეროდან კულინარიულ სივრცეში გადაინაცვლა, რომელთანაც პროფესიონალური შეხება არასდროს ჰქონია. იმედია, ნინი „მასტერშეფის“ წინსაფრის გარეშე არ დარჩება.