მსოფლიო დღეს

სააკაშვილი რეფორმატორების გუნდს Facebook-ით კრებს: ქვეყნდება სპეციალური ფორმა

კანდიდატებისთვის აუცილებელი მოთხოვნა — ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნაა. გარდა ამისა, სააკაშვილის მომავალ კოლეგებს მოეთხოვებათ სპეციალობით მუშაობის ხუთწლიანი სტაჟი და რეკომენდაცია წინა სამსახურიდან.
Sputnik

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა „რეფორმატორების გუნდის“ შეკრება Facebook-ით დაიწყო, რისთვისაც სოციალურ ქსელში კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის სპეციალური ფორმა გამოაქვეყნა.  

„მოგესალმებათ უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს გუნდი. თუ გსურთ შემოუერთდეთ რეფორმატორების მეგობრულ, აქტიურ და ძლიერ გუნდს, შეავსეთ ეს ფორმა“, — წერს სააკაშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე.

აღინიშნება, რომ კანდიდატებისთვის აუცილებელი მოთხოვნა — ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნაა. გარდა ამისა, სააკაშვილის მომავალ კოლეგებს მოეთხოვებათ სპეციალობით მუშაობის ხუთწლიანი სტაჟი და რეკომენდაცია წინა სამსახურიდან. ამასთან, მათ უნდა ჩაწერონ მოკლე ვიდეო. 

საჭიროა რევოლუცია: სააკაშვილი უკრაინის ელიტას ემუქრება

რეფორმატორების ანკეტაში მითითებულია, რომ სჭირდებათ იურისტები, PR-სპეციალისტები, კოპირაიტერები, მენეჯერები, ბუღალტრები და სხვ. გასაუბრება პოტენციურ კანდიდატებთან 19 მაისს  გაიმართება.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ქვეყნის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. ამის პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ კიევიდან კონსულტაციებისთვის გამოიწვია ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე. ამ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტმა შეცდომა უწოდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო არ აპირებს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას.