თბილისში მეტრო და ავტობუსები მუშაობას 22 მაისის შემდეგ განაახლებენ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციების შემუშავება დაიწყო, რომელთა დაცვაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელი იქნება.
Sputnik

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. ავტობუსები და მეტო მუშაობას 22 მაისის შემდეგ განაახლებენ, თუმცა მგზავრებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ, იუწყება ტელეკომპანია Imedi. 

კალაძე: მერია სრულ მზადყოფნაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის გაგრძელებისთვის

ჯანდაცვის სამინისტრო სამი დღის განმავლობაში უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაუგზავნის რეკომენდაციებს, თუ როგორ და რა მოთხოვნების გათვალისწინებით იქნება შესაძლებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლება.

წინასწარი ინფორმაციით, მოქალაქეებს მგზავრობისას სამედიცინო პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა მოუწევთ. ტემპერატურის მონიტორინგი მუდმივად განხორციელდება, თუმცა რა ფორმით – ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია ტრანსპორტში მგზავრთა დასაშვები რაოდენობა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ძირითად რეკომენდაციებზე მუშაობს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 31 მარტიდან კი საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი დაწესდა, მუშაობა შეაჩერა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, მეტროს ჩათვლით. 18 მარტიდან თბილისში მუშაობა შეწყვიტეს სამარშრუტო ტაქსებმა.

დღეისათვის ტაქსი – თბილისში გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა.