COVID-19 - ბოლო ცნობები

ვადა გადის: გაუქმდება თუ არა საქართველოში საგანგებო მდგომარეობა?

სპეციალისტის სიტყვებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საგანგებო მდგომარეობის მოხსნის საშუალებას იძლევა.
Sputnik

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. თუ შეზღუდვების ნაწილობრივი მოხსნა ინფექციის გავრცელების ზრდას ხელს არ შეუწყობს, შესაძლებელია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს გაუქმდეს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გაგრძელდა. 

საქართველოში კორონავირუსისგან 383 ადამიანი გამოჯანმრთელდა

„ვფიქრობ, რომ 11 მაისიდან შეზღუდვების ნაწილობრივი მოხსნის შემდეგ შემთხვევების რაოდენობა არ გაიზრდება. მხედველობაში არ მაქვს ერთეული შემთხვევები ან დაახლოებით 20 ახალი შემთხვევა, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ასე იქნება დიდხანს და ეს ქვეყანას არანაირ სირთულეს არ შეუქმნის. მხედველობაში მაქვს ის, რომ თუ ეს სერიოზულ ზრდას არ გამოიწვევს, მაშინ 22 მაისს შესაძლებელი იქნება საგანგებო მდგომარეობის გაუქმება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანა შეძლებს არსებული ვითარების შენარჩუნებას. იგი ყველას მოუწოდებს, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაიცვან უსაფრთხოების სამი წესი – ხელების ხშირად დაბანა, სოციალური დისტანცია და დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება.

„ეს არ შექმნის ისეთ დისკომფორტს, რომ ჩვენი ცხოვრების რიტმი შეიცვალოს. სამაგიეროდ ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ არ მოგვიწევს უფრო მკაცრი ზომების გამოყენება“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 652 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 383 პაციენტი, გარდაიცვალა 12 ადამიანი.