საკურორტო სეზონმა გუდაურში, რომელიც ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს, წელს ყველა ფრონტზე ფიასკო განიცადა. წლის დასაწყისში სოფელში თოვლი და წყალი არ იყო. მარტში კი, როდესაც როგორც იქნა, თოვლი წამოვიდა, ქვეყანაში კორონავირუსმა შემოაღწია და არა მარტო ქვეყნების საზღვრები, არამედ ქალაქებიც ჩაკეტა.
გუდაური დაემსგავსა სოფელ-მოჩვენებას დაცარიელებული სასტუმროებით, ბარებითა და რესტორნებით. ახლა აქ მხოლოდ ობიექტების მესაკუთრეები ცხოვრობენ, რომლებიც ერთმანეთს ამ რთულ პერიოდში გადარჩენაში ეხმარებიან.
როგორც შუა საუკუნეებში
„სამზარეულოში პროდუქტები გაგვითავდა და მათ შესაძენად თბილისში გავემგზავრეთ. როდესაც უკან ვბრუნდებოდით, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა - გადაწყდა ქალაქების ჩაკეტვა. ხალხმაც აქედან გაქცევა დაიწყო - ზოგმა თბილისში, ზოგმა ბათუმში... ჩვენ კი თავს უფლება ვერ მივეცით, ყველაფერი მიგვეტოვებინა და დავბრუნდით უკვე დაცარიელებულ ბარში და დღემდე აქ ვიმყოფებით“, - ყვება მეწარმე გუდაურიდან ალექსეი ანტონენკო.
ახლა გუდაურში ტურისტული ობიექტების პერსონალი რჩება - კაფე-ბარებისა და სასტუმროების თანამშრომლები და მფლობელები. ბევრი მესაკუთრე რუსეთიდან, უკრაინიდანაა, რომლებიც საქართველოში სეზონზე სამუშაოდ ჩამოვიდნენ, მაგრამ შექმნილი ვითარება მოულოდნელად დაატყდათ თავს. ახლა სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, ზოგს კი ამ რთული პერიოდის გადატანა აქ ურჩევნია.
მიუხედავად წარსულში კონკურენციისა, ახლა გუდაურში მეწარმეები ერთმანეთს ეხმარებიან.
„მაგალითად, ცვლიან პროდუქტებს. ჰოსტელებს, კაფეებს, ბარებს, რესტორნებს ხომ ყოველთვის აქვთ პროდუქტები, რომელიც ჯერ კიდევ დახურვამდე შეიძინეს. ზოგიერთს ღვინო შემორჩა, ზოგს ლუდი, ვიღაცას კარტოფილი, წიწიბურა. ისეთი ნატურალური გაცვლა-გამოცვლა მიდის, ცოტათი შუა საუკუნეების ტრადიციას წააგავს“, - ამბობს მეწარმე ირინა ცინოვსკაია.
სხვათა შორის, ერთმანეთს მხოლოდ საკვებით კი არა, საცხოვრებლითაც ეხმარებიან.
„რადგან სახლში დაბრუნების შესაძლებლობა არ გვაქვს, მეგობარმა შეგვიფარა, ჰოსტელის პატრონმა, თანაც უანგაროდ“, - აღნიშნავს ირინა.
თუმცა მიუხედავად კრიტიკული ვითარებისა, მეწარმეები იმედს არ კარგავენ და სჯერათ, რომ მალე ყველაფერი დალაგდება. მომავალი საკურორტო სეზონის გეგმებსაც კი აწყობენ. მით უმეტეს გუდაურს, როგორც ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტების ფლაგმანს, რეაბილიტაციისთვის საკმარისი დრო ექნება.
იქნებიან თუ არა ტურისტები?
საქართველოს ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ქვეყანა ერთ-ერთი პირველი გახსნის საზღვრებს უცხოელი ტურისტებისთვის. მოგვიანებით კი დააზუსტა - საქართველო მზად იქნება სტუმრების მისაღებად 1 ივლისიდან. თუმცა ჯერ არაფერი თქმულა იმაზე, რა პირობებში მიიღებს სტუმრებს ქვეყანა. ალბათ ყოველ ჩამომსვლელს თან უნდა ჰქონდეს ანალიზების შედეგები, რომლებიც კორონავირუსული ინფექციის არქონას დაადასტურებს. ცნობილია, რომ ასეთი ანალიზის გაკეთება ჯერ არც ისე მარტივია.
მეორეც, ექსპერტების აზრით, ასეთი ეკონომიკური სტრესის შემდეგ ადამიანებს ნაკლებად ექნებათ სამოგზაუროდ წასვლის შესაძლებლობა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მდგომარეობაში იქნება ავიაცია. თუ თვითმფრინავები 70%-იანი დატვირთვით იფრენენ, ანუ 180-ადგილიან თვითმფრინავში 120 ადამიანი იჯდება, ფრენები გაძვირდება და ეს ტურისტების რაოდენობაზე აისახება“, - განუცხადა ტურიზმის საკითხთა ექსპერტმა ნიკო კვარაცხელიამ Sputnik-საქართველოს.
კვარაცხელიას თქმით, საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფმა დაასკვნა, რომ წელს მსოფლიოში ტურისტების რაოდენობა 50%-ით შემცირდება. სამწუხაროდ, საქართველო გამონაკლისი არ იქნება. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ფრენებზე, ტრანსპორტსა და უსაფრთხოების ზომებზე.
„ამას უნდა შევეჩვიოთ“, - ხაზი გაუსვა კვარაცხელიამ.