რომის პაპი საქართველოსთვის ილოცებს

საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისაგან გულთბილი მოკითხვა გადასცა.
Sputnik

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რომის პაპს, ფრანცისკეს ტელეფონით ესაუბრა - საუბარი შეეხო მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას.

საქართველოს პრეზიდენტი კორონავირუსის პანდემიის ფონზე აქტიურად სარგებლობს დისტანციური ურთიერთობის საშუალებებით და თავის კოლეგებს მთელს მსოფლიოში პერიოდულად უკავშირდება ტელეფონით.

საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა უსაფრთხო ტურიზმის გახსნა განიხილეს

ზურაბიშვილმა საუბრისას კორონავირუსის დროს სოლიდარობის მნიშვნელობა აღნიშნა და რომის პაპს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისაგან გულთბილი მოკითხვა გადასცა.

მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ეკოლოგიის და გარემოს დაცვის საკითხები, რომლებიც ფრანცისკესთვის პრიორიტეტულია.

საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეკოლოგიის საკითხი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ქვეყანა ზრუნავს ეკოსისტემების შენარჩუნებაზე.

რომის პაპმა ფრანცისკემ 14 მაისი კორონავირუსის პანდემიის დასრულებისთვის საყოველთაო ლოცვის და მარხვის დღედ გამოაცხადა. მან საქართველოს პრეზიდენტს აღუთქვა, რომ ასევე ილოცებს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის.

რომის პაპმა ბრძანა, რომ საყოველთაო ლოცვის დღე საჭიროა, რათა „ყველა რელიგიის მორწმუნეები სულიერად გაერთიანდნენ ლოცვაში, უფალს შეევედრონ, რათა დაეხმაროს კაცობრიობას კორონავირუსის პანდემიის დამარცხებაში“.