„ინფექციური ლექსი“: ბრაზილიური სიმღერების შემდეგ მერაბ ნინიძე იზოლაციაში პოეზიამ გაიტაცა

ლექსში ნათქვამია, რომ გადამდებია არამარტო ჭირი და სხვა ინფექციური დაავადებები, არამედ სიცოცხლე, ცრემლი, ღიმილი, გაზაფხული, სურვილი, ტკივილი, ეჭვი, უნდობლობა, სინანული და სამშობლოს დარდი.
Sputnik

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ცნობილმა ქართველმა მსახიობმა მერაბ ნინიძემ ბრაზილიური სიმღერის შესრულების შემდეგ ლექსების დეკლამირება გადაწყვიტა - დასაწყისისთვის არტისტმა შეარჩია ტარიელ ჭანტურიას ლექსი „ინფექციური ლექსი“.

მსახიობი მერაბ ნინიძე კარანტინში ამღერდა >>

ლექსში, რომელიც მწერალ ნოდარ დუმბაძეს ეძღვნება, ნათქვამია, რომ გადამდებია არამარტო ჭირი და სხვა ინფექციური დაავადებები, არამედ სიცოცხლე, ცრემლი, ღიმილი, გაზაფხული, სურვილი, ტკივილი, ეჭვი, უნდობლობა, სინანული და სამშობლოს დარდი.

რამდენიმე დღის წინ მერაბ ნინიძემ Facebook-ის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც თვითიზოლაციაში იმყოფება და პორტუგალიურად სიმღერას ასრულებს.

მერაბ ნინიძე ცნობილი ქართველი მსახიობია, რომელმაც მაყურებლის აღიარება მოიპოვა ისეთ ფილმებში შესრულებული როლებით, როგორიცაა „მონანიება“, „ქაღალდის ჯარისკაცი“, „არსად აფრიკაში“ და სხვ.

მიშა გომიაშვილმა რუსულ კომედიაში მთავარი როლი შეასრულა

მერაბ ნინიძეს ხშირად იღებენ უცხოურ ფილმებსა და სერიალებში. მას კარგად იცნობს პოპულარული ამერიკული სერიალის Homeland-ის მაყურებელი. სერიალის მეშვიდე სეზონში იგი რუსი ჯაშუშის, მიროვის როლს ასრულებს, რომელიც აშშ-ის ქალი პრეზიდენტის ლიკვიდაციის სპეცოპერაციას ამზადებს.

ქართველი მსახიობის ნახვა შეიძლება ასევე ამერიკულ ტელესერიალში „ბერლინის რეზიდენტურა“. გარდა ამისა, 2019 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ მერაბ ნინიძემ ითამაშა დომინიკ კუკის ახალ ფილმში „რკინის ქერქი“ სახელგანთქმულ ბრიტანელ მსახიობ ბენედიქტ კამბერბეტჩთან ერთად. 2020 წელს მსახიობმა ფრეიდის მასწავლებლის როლი შეასრულა Netflix-ის ახალ გერმანულ-ავსტრალიურ დეტექტიურ სერიალში „ფრეიდი“.