COVID-19 - ბოლო ცნობები

იმნაძე: ვაქცინა თუ არ გვექნება, ზამთარში მზად უნდა ვიყოთ უფრო ცუდი სცენარისთვის

ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი, დიდი ალბათობით, იქნება შედარებით სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით, განაცხადა პაატა იმნაძემ
Sputnik

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ზამთარში კორონავირუსის მეორე ტალღას უნდა ველოდოთ, თუ იმ დროისთვის ეფექტური ანტივირუსული საშუალება ან ვაქცინა არ შეიქმნება, ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

იმნაძის თქმით, ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი, დიდი ალბათობით, იქნება შედარებით სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით.

„თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება შემდეგი ზამთრისათვის, თუ არ გვექნა ვაქცინა, რომელიც ასევე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ უკვე ზამთრისთვის იყოს ვაქცინა დედამიწის მოსახლეობისთვის, დიდი ალბათობა არსებობს იმისი, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. მზად უნდა ვიყოთ უფრო ცუდი სცენარისთვის“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
იმნაძე: კომენდანტის საათის დროის შემცირების და მოხსნის საკითხი აქტიურად განიხილება

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში 647 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის გამოჯანმრთელებული - 372, გარდაცვლილი - 11. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4461, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 394.