COVID-19 - ბოლო ცნობები

გამყრელიძე: სწრაფი ტესტები არ გამოიყენება კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 647 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის გამოჯანმრთელებული - 372
Sputnik

თბილისი, 13 მაისი - Sputnik. დღევანდელი საერთაშორისო პროტოკოლებით, მსოფლიოში არც ერთი სწრაფი ტესტი არ ითვლება კორონავირუსის დამადასტურებელ ტესტად, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, სწრაფი ტესტები არ გამოიყენება კორონავირუსის დაავადების დიაგნოსტიკისთვის და ისინი  დამხმარე ტესტებია ე.წ. მასობრივი კვლევების დროს, რადგან მათი მგრძნობელობა გაცილებით დაბალია და დიაგნოსტიკური ღირებულება არ აქვთ.

„დაავადების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება ე.წ. მოლეკულური ტექნოლოგიები, ანუ პოლიმერიზაციის ჯაჭვურ რეაქციაზე დამყარებული PCR ტესტები. არც ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაცია, არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, არც ევროპის წამლის სააგენტო არ იძლევიან რეკომენდაციებს, რომ სწრაფი ტესტები გამოყენებული იყოს დიაგნოსტიკის მიზნით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძე.
COVID-19: გერმანიამ საქართველოს რამდენიმე ათასი ტესტი აჩუქა

მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტესტები დასახელებით „ბიოზეკი“, რომელიც ნიდერლანდების წარმოებისა უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში ჩინეთის წარმოების აღმოჩნდა. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ეს ტესტები ცენტრში არ შეუფასებიათ.

ასევე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ „ბიოზეკის“ ტესტების შესყიდვის ხელშეკრულება ამ მომენტში საქართველოს არ აქვს და არც იგეგმება რაიმე ცვლილება.

დღეს მსოფლიოში ორი სახის ტესტი არსებობს, რომლებიც კორონავირუსს ავლენს. არის ძირითადი – PCR/პჯრ, ანუ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით კვლევისთვის. PCR–ტესტი ბიოლოგიური მასალით ავლენს, აქვს თუ არა ვირუსი ადამიანს და იძლევა ზუსტ შედეგს. ის ავლენს ვირუსის მიკრომოლეკულას. ამ ტესტების მეშვეობით შედეგის მიღება შესაძლებელია დაავადების პირველივე დღეს, მანამდე, სანამ სიმპტომები გამოვლინდება.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 13 მაისისთვის >>

არის ასევე სწრაფი ანუ ექსპრეს-ტესტი, რომლებიც ავლენს ანტისხეულებს, რომლებიც ინფიცირებიდან მესამე–მეშვიდე დღეს შეიძლება გამოვლინდეს, ანუ შედეგს ინფიცირების პირველივე დღეს არ იძლევა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში 647 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის გამოჯანმრთელებული - 372, გარდაცვლილი - 11. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4461, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 394.