COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსის მეორე ტალღა მსუბუქად ჩაივლის – ინფექციონისტის პროგნოზი

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
Sputnik

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. რამდენიმე ფაქტორის გამო კორონავირუსის მეორე ტალღა გაცილებით მსუბუქი იქნება, ასეთ პროგნოზს აკეთებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი ალექსანდრე გოგინავა. 

საქართველოში კორონავირუსისგან 372 ადამიანი გამოჯანმრთელდა

მისი თქმით, როდესაც კორონავირუსი გამოვლინდა და პირველი ტალღა დაიწყო, მთელ მსოფლიოში ამისთვის მზად არავინ იყო. არავინ იცოდა, როგორ უნდა ებრძოლა ვირუსთან – საზოგადოება მზად არ იყო ამისთვის, ადამიანებმა არ იცოდნენ მასთან თანაარსებობა.

„ახლა სამედიცინო პერსონალიც და თითოეული ჩვენგანიც მეტ-ნაკლებად მზად ვართ, ვიცით როგორ მოვიქცეთ, როგორ დავიცვათ ჰიგიენის წესები და დისტანცია. ამავე დროს სპეციალისტები ეფექტურ მედიკამენტებს, ვაქცინას შექმნიან. მეორე ტალღა რომც იყოს, საზოგადოება და მთელი მსოფლიო გაცილებით უფრო მომზადებული დახვდება მას. ამიტომ ვფიქრობ, რომ მეორე ტალღას უფრო მსუბუქად გადავიტანთ. პირველი, იმიტომ რომ ჩვენ მზად ვართ, და მეორე – ამ პერიოდში ვაქცინა შეიქმნება“, – განაცხადა გოგინავამ.

ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ რვა ადამიანს დაუდგინდა და, ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვმა 647-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 372 ადამიანი, გარდაიცვალა 11. კარანტინში იმყოფება 4 373 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 386 პაციენტია. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს სამი მოქალაქე გადმოიყვანეს.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.