ტურიზმი იხსნება: როდის შესრულდება პირველი ავიარეისი თბილისიდან ევროპის მიმართულებით

ავიაკომპანიის მგზავრებისთვის სავალდებულო იქნება თერმოსკრინინგის გავლა და სამედიცინო პირბადეების ტარება.
Sputnik

თბილისი, 12 მაისი - Sputnik. ივლისის პირველი რიცხვებიდან საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ ირლანდიური ლოუკოსტერი Ryanair-ის რეისებით ორი მიმართულებით: თბილისი-კიოლნი და თბილისი-მილანი, ნათქვამია კომპანიის ვებ-გვერდზე.

უკვე 1 ივლისიდან საქართველო საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის საქართველო აღადგენს საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეიზღუდა. 

ნათია თურნავა: 18 ავიაკომპანიასთან უკვე წინასწარი შეთანხმებაა მიღწეული

Ryanair-ის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ნაწილობრივ განაახლოს ფრენები, რომლებიც კორონავირუსის ეპიდემიის გამო შეწყდა.

მაგალითად, 5 ივლისიდან კვირაში ერთხელ (12, 19 და 26 ივლისს) მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ რეისით თბილისი-კიოლნი, ხოლო 3 ივლისიდან - მილანის მიმართულებით (ბერგამოს აეროპორტი - 3, 10, 17, 24 და 31 ივლისი).

ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც მსურველებს აცნობს იმ წესებს, რომლებიც ფრენისას მგზავრებმა უნდა შეასრულონ. სავალდებულო გახდა თერმოსკრინინგის გავლა და სამედიცნო პირბადის ტარება.

კომპანიის ხელმძღვანელობა იუწყება, რომ ფრენების განახლება სხვა მიმართულებებით დამოკიდებულია სხვა სახელმწიფოების მიერ საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვების მოხსნაზე. 

როგორ განვითარდება ტურიზმი საქართველოში: გეგმები და უსაფრთხოების კონცეფცია >>

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველომ 21 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ ავიაკომპანია Georgian Airways, რომელსაც საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოჰყავს. თითოეული დაბრუნებული მოქალაქე სპეციალურ ზონებში მედიკოსების დაკვირვებით სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გადის.