COVID-19 - ბოლო ცნობები

მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს 30 მედიკოსი თვითიზოლაციაშია

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 642 ადამიანს დაუდასტურდა, უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს სამი მოქალაქე გადმოიყვანეს
Sputnik

თბილისი, 12 მაისი - Sputnik. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს 30 მედპერსონალი თვითიზოლაციაშია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ეზუგბაია: შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ

საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, სწორედ აქ მკურნალობდა პაციენტი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა. პაციენტი აღნიშნულ კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობდა, საიდანაც საკარანტინე სივრცეში გადავიდა და  საკარანტინე სივრცის დატოვებამდე ერთი დღით ადრე კორონავირუსი დაუდასტურდა.

„მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა ჩვენი პაციენტის შესახებ ინფორმაცია, რომ კორონავირუსზე ტესტმა დადებითი პასუხი დაადასტურა, მოხდა ჩვენი 30-მდე თანამშრომლის ორმაგად ტესტირება - სწრაფი და PCR ტესტებით და ამის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი თვითიზოლაციაში გადასვლის თაობაზე“, - განაცხადა ლურსმანაშვილმა.

მისი თქმით,  მედპერსონალიდან არც ერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი და ეპიდემიოლოგიური და სტანდარტული მოთხოვნების შესაბამისად, ამ კვლევებს შესაბამის დროს კიდევ ერთხელ გაიმეორებენ.

პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა,  თეთრიწყაროდანაა. იგი კონტაქტის გამო გუდაურში, საკარანტინე სივრცეში იყო გადაყვანილი.

„იქ აუღეს ანალიზი და იყო უარყოფითი, დარჩა ამ საკარანტინე სივრცეში, იქ ყოფნის დროს თავი იგრძნო შეუძლოდ, შემდეგ გადაიყვანეს მცხეთის ცხელების ცენტრში, იქ გაკეთდა მეორე ანალიზი და ის PCR ტესტიც იყო უარყოფითი და მცხეთის ცენტრიდან პირველ მაისს გადმოიყვანეს ჩვენს კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით. ჩვენთან იმკურნალა 7 დღე, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და დაბრუნდა ისევ ჩვენგან თავის საკარანტინე სივრცეში, სივრცის დატოვებამდე ერთი დღით ადრე გეგმიურად ჩაუტარდა PCR ტესტირება და მაშინ გაირკვა, რომ არის კოვიდდადებითი”, - განაცხადა ლურსმანაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა

პაციენტი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 642 ადამიანს დაუდასტურდა, უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს სამი მოქალაქე გადმოიყვანეს, გამოჯანმრთელდა 349, გარდაიცვალა 11 პაციენტი. კარანტინში იმყოფება 4 373, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 386 ადამიანი.