მსოფლიო დღეს

სავაჭრო გარიგება ჩინეთთან და ინციდენტი ჟურნალისტთან: რა მოხდა ტრამპის პრესკონფერენციაზე

დონალდ ტრამპი ადანაშაულებს ჩინეთს, რომ ის „მრავალი წლის განმავლობაში იყენებდა შეერთებულ შტატებს თავისი ინტერესებისთვის“.
Sputnik

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. შეერთებული შტატები არ არის დაინტერესებული ჩინეთთან ორმხრივი ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების ახალი პირობების განხილვით, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ვარდების ბაღში გამართულ პრეკონფერენციაზე.

მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა იმ ინფორმაციაზე, რომ პეკინი ვაშინგტონს, კორონავირუსის პანდემიის შედეგებიდან გამომდინარე, გარიგების პირობების შეცვლას სთხოვს.

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ გარიგებას. ამის შესახებ მეც მსმენია. მათ სურთ, გადახედონ სავაჭრო გარიგებას, რათა [პირობები] თავიანთთვის უკეთესი გახადონ... არა, ეს მე არ მაინტერესებს. მოდით, ვნახოთ, ასრულებენ თუ არა ისინი იმ ხელშეკრულებას, რომელსაც თვითონ მოაწერეს ხელი“, — თქვა სახელმწიფოს მეთაურმა.

მან ასევე დასძინა, რომ „საერთოდ არ არის დაინტერესებული“ ხელშეკრულების პირობების შეცვლის  შესახებ ამგვარი მოლაპარაკებებით. 

ჰაკერები და არატრადიციული სუბიექტები კვლევების მოპარვას ცდილობენ: აშშ ჩინეთს ადანაშაულებს

„მე უკმაყოფილო ვარ ჩინეთით. მათ უნდა შეეჩერებინათ [კორონავირუსი] ჩანასახშივე“, — განმარტა პრეზიდენტმა. 

მისი თქმით, „ჩინეთი მრავალი წლის განმავლობაში თავისი ინტერესებისთვის იყენებდა შეერთებულ შტატებს“. 

აღსანიშნავია, რომ პრესკონფერენციაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა პრეზიდენტსა და ტელეარხ CBS-ის აზიური გარეგნობის ჟურნალისტს შორის, რომელმაც პრეზიდენტს „უსიამოვნო შეკითხვა“ დაუსვა - რატომ ეჯიბრება ის აშშ-ში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების რაოდენობით სხვა ქვეყნებს მაშინ, როცა შეერთებულ შტატებში ადამიანები კვლავ იღუპებიან. ​

„ადამიანები მთელ მსოფლიოში იღუპებიან. იქნებ ეს ის კითხვაა, რომელიც ჩინეთს უნდა დაუსვათ? მე ნუ მეკითხებით, ჩინეთს ჰკითხეთ“, - უპასუხა პრეზიდენტმა ჟურნალისტს. 

​აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ხელშეკრულების პირველი ფაზის ხელმოწერის ცერემონია 15 იანვარს გაიმართა ვაშინგტონში. დოკუმენტებს ხელი ტრამპმა და ლიუ ჰემ მოაწერეს. ჩინეთი დათანხმდა ამერიკული პროდუქციის შესყიდვების გაზრდას 76,7 მილიარდი დოლარით პირველ წელს და 123,3 მილიარდი დოლარით — ხელშეკრულების მეორე წლის განმავლობაში. საქმე ეხება არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო, არამედ სხვა ამერიკულ პროდუქტებსაც.