COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში მაისის დასაწყისიდან 8,5 ათასზე მეტი ობიექტი შემოწმდა

შრომის ინსპექცია ამოწმებს, თუ რამდენად არიან მზად კომპანიები კორონავირუსის პირობებში შეასრულონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.
Sputnik

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. საქართველოში 1 მაისიდან აქტიურად მიმდინარეობს იმ კომპანიებისა და საწარმოების შემოწმება, რომლებმაც უკვე დაიწყეს მუშაობა, ან მზად არიან განაახლონ საქმიანობა, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

მისი სიტყვებით, მოწმდება, თუ რამდენად მზად არიან კომპანიები კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესასრულებლად.

„მთავრობის მიერ გამოცხადებული გეგმა–გრაფიკის თანახმად, ჩვენ რაც შეიძლება მეტ კომპანიას გავტესტავთ, რათა განვსაზღვროთ, თუ რამდენად მზად არიან ისინი, შეასრულონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, ასევე კონსულტაციებს გავუწევთ იმასთან დაკავშირებით, რომ შემდეგი გეგმური მონიტორინგის დროს არანაირი პრობლემა არ შეიქმნას“, – განაცხადა ფერაძემ. 

ტურიზმის პერსპექტივები საქართველოში: ხელისუფლების გლობალური გეგმები

10 დღის მანძილზე შრომის ინსპექციამ 8561 ობიექტი შეამოწმა. ფერაძემ აღნიშნა, რომ მოკლე პერიოდისთვის ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ინსპექტირების დროს მეწარმეებს წარედგინებათ იმ მოთხოვნების სრული ჩამონათვალი, რომელიც მათ მოეთხოვებათ უსაფრთხო საქმიანობის უზრუნველსაყოფად.

22 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, თუმცა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობა სამეწარმეო საქმიანობაზე დაწესებულ შეზღუდვებს ეტაპობრიად ხსნის.

11 მაისიდან განახლდა ყველა სახის წარმოება, მუშაობა დაიწყო ყველა ტიპის საცალო და საბითუმო მაღაზიამ, რომელთაც შესასვლელი ქუჩიდან აქვთ და არ ვაჭრობენ ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით. ასევე ფუნქციონირება დაიწყო რეკრეაციულმა ზონებმა, გაიხსნა ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები, ხელმისაწვდომი გახდა საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის გარემონტება.

მუშაობის პროცესში კომპანიები ვალდებული არიან მკაცრად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.