COVID-19 - ბოლო ცნობები

მკაცრი კარანტინის ზონაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უმჯობესდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 145, საკარანტინო სივრცეში კი 96 ადამიანი იმყოფება. ბოლნისში კორონავირუსის 121 შემთხვევაა გამოვლენილი.
Sputnik

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ქვემო ქართლის რეგიონის ბოლნისის მუნიციპალიტეტში, რომელიც ამ დრომდე მკაცრ საკარანტინო ზონად რჩება, კორონავირუსისგან კიდევ ხუთი ადამიანი გამოჯანმრთელდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბოლნისში კორონავირუსის 121 შემთხვევა გამოვლინდა, 37 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.

ეპიდემიოლოგები ამ დროისთვის სოფელ სავანეთში მუშაობენ, სადაც კორონავირუსზე ტესტს 40 ადგილობრივ მცხოვრებს ჩაუტარებენ.

სოფელ სავანეთში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 15 აპრილიდან მოქმედებს, მას შემდეგ, რაც იქ ვირუსის ორი ფაქტი გამოვლინდა, წყაროს დადგენა კი ვერ მოხერხდა. 

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევის წყარო უცნობია

დღის ბოლოსთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში 48 ადამიანის ტესტის პასუხი იქნება ცნობილი. მათი დიდი ნაწილი – სოფელ გეთაში მცხოვრები ინფიცირებულების კონტაქტებია. აღნიშნულ სოფელში ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბიოლოგიური მასალის ნიმუშები ლაბორატორიაში სოფელ მუშევანიდანაც გაგზავნეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 145, კარანტინში კი 96 ადამიანი იმყოფება.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე StopCov გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი 639 ადამიანს დაუდასტურდა, უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს სამი მოქალაქე გადმოიყვანეს, გამოჯანმრთელდა 349, გარდაიცვალა 11 პაციენტი. კარანტინში იმყოფება 4 600, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 413 ადამიანი.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.