უკვე მეშვიდედ: თბილისის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ათეულში მოხვდა

ბრიტანული კომპანია Skytrax-ის ექსპერტებმა აეროპორტების შეფასებისას 13 მილიონზე მეტი მგზავრის მოსაზრება გაითვალისწინეს.
Sputnik

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტი Skytrax World Airport Awards 2020-ზე ზედიზედ მეშვიდედ დასახელდა აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ჩამონათვალში, ნათქვამია აეროპორტის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

Skytrax - გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს მრავალი წელია იკვლევს და აფასებს. Skytrax World Airport Awards-ის ექსპერტები მსოფლიოს 550 აეროპორტის 106 სხვადასხვა ეროვნების 13 მილიონზე მეტი მგზავრის შეფასებას ეყრდნობიან. 

თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში თერმოკამერები დაამონტაჟეს

მგზავრთა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა აღმოსავლეთ ევროპის ათი საუკეთესო აეროპორტი. თბილისის გარდა, ათეულში შევიდნენ ბუდაპეშტის, ტალინის, კიევი-ბორისპოლის, ბუქარესტის, ბელგრადის, ბრატისლავის, რიგის, სკოპიესა და სოფიის აეროპორტები.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მართავს თურქული კომპანია TAV-Georgia – TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანია, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო და 2027 წლამდე გააგრძელებს.

ამ დროის მანძილზე კომპანიამ თბილისის აეროპორტში 180 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა – 2007 წელს განახლდა ასაფრენ–დასაფრენი ზოლი, გაიხსნა ახალი სამგზავრო ტერმინალები.

TAV-Georgia-ში დღეისათვის 1,3 ათასი ადამიანია დასაქმებული.