ახალგაზრდა ქალმა ბავშვი ფსიქიატრიული საავადმყოფოს საპირფარეშოში გააჩინა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა  ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიში „ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“, სადაც სისტემური ხასიათის პრობლემებზეა საუბარი.
Sputnik

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა, საპირფარეშოში იმშობიარა, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც ეხება ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობას ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში.

ხობის ფსიქიატრიულ კლინიკაში რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ანგარიშის თანახმად,  ხანგრძლივი დაყოვნების ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც საერთოდ ვერ მოხერხდა პაციენტის ორსულობის ფაქტის დადგენა. და ამის თაობაზე სტაციონარის მედპერსონალმა მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ქალმა 36-37 კვირის ვადაზე დაუხმარებლად იმშობიარა დაწესებულების საპირფარეშოში.

„აღსანიშნავია, რომ პაციენტი სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას ორსულობის განმავლობაში 2 სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იღებდა, თუმცა ორსულობის ფაქტი ვერცერთ ამ დაწესებულებაში ვერ დაუდგინეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დაწესებულებებში ხელშეკრულებით დასაქმებულია კონსულტანტი გინეკოლოგი. ჩანაწერის თანახმად, პაციენტი იყო გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, თუმცა ექიმმა ვერ მოახერხა ორსულობის გამოვლენა, მათ შორის, ვერც ორსულობის ბოლო ტრიმესტრში“, - წერია ანგარიშში.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ფეხმძიმე ქალი, ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რაც დიდი რისკის შემცველი იყო ნაყოფისთვის.

„აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში ხელშეკრულებით დასაქმებული კონსულტანტ-გინეკოლოგების საქმიანობის ფორმალურ ხასიათს“, - წერია ანგარიშში.

ადვოკატი: სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პარანოიდული შიზოფრენია აქვს

სახალხო დამცველის ეს ანგარიში დაიწერა მონიტორინგის საფუძველზე, რომელიც სახალხო დამცველმა გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით განახორციელა.

მონიტორინგის მიზანი იყო ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასება.

აპარატის ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა არაერთი სისტემური პრობლემა, რომელიც ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებების დარღვევებს იწვევს.