ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დამთვალიერებელს ელოდება

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გააშენეს, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის — დადიანების სასახლის დეკორატიული ბაღის გაგრძელებაა.
Sputnik

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი მუშაობას 11 მაისიდან განაახლებს და წლის ბოლომდე ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლებს, აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქის მერმა გიორგი შენგელიამ მიიღო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული გადაწყვეტილება შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიიღო.

„ჩვენთვის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ძალზე მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით მთავრობამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი არის ქალაქის სავიზიტო ბარათი და ჩვენ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ შიდა ტურიზმის განვითარებას, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ. 

როგორ განვითარდება ტურიზმი საქართველოში: გეგმები და უსაფრთხოების კონცეფცია

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გააშენეს, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის — დადიანების სასახლის დეკორატიული ბაღის გაგრძელებაა.

ბაღის შესაქმნელად მე-19 საუკუნეში სპეციალურად მოიწვიეს ევროპელი მებაღეები და ევროპიდან იშვიათი მცენარეები ჩამოიტანეს. 26,4 ჰექტარზე გაშენებულ ბაღში ხარობს ხეები, რომლებიც თითქმის 200 წლისაა — ევრაზიული კონტინენტის ერთეული ეგზემპლარები.

ისტორიული მონაცემების მიხედვით, ზუგდიდის ბაღმა დეკორატიული სახე 1840 წელს მიიღო, როდესაც მასზე ზრუნვა სამეგრელოს უკანასკნელმა მთავარმა დავით დადიანმა და მისმა მეუღლემ ეკატერინე ჭავჭავაძემ დაიწყეს.

ბაღისთვის ნერგები და თესლები საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპეს ვერსალის ბაღიდან ჩამოიტანეს, ხოლო დეკორატორად იტალიელი მებაღე ჟოზეფ ბანინი მოიწვიეს. მან მთლიანად შეცვალა ბაღის გარეგნული იერი. სწორედ ბანინიმ შექმნა ხელოვნური ტბა პატარა კუნძულით.