COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 153 ახალი ფაქტი გამოვლინდა

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 ათასი ლარით.
Sputnik

თბილისი, 11 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის წესების დარღვევის 153  ახალი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეზღუდვები, რომლებიც საქართველოში 11 მაისიდან მოიხსნება

პოლიციამ 10 მაისის 21:00 საათიდან 11 მაისის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 მოქალაქე დააჯარიმა.

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის სამი ახალი ფაქტი გამოავლინა.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე შვიდი პირი დააჯარიმეს.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრების და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო სულ 37 მოქალაქე დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.