COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები თეთრიწყაროს უკავშირდება

ამ დროისათვის კლინიკებში კორონავირუსის დიაგნოზით 311 პაციენტი მკურნალობს, ხოლო განკურნებულთა რაოდენობამ 317 ადამიანს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 11 მაისი - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება და ყველა პაციენტი კლინიკებში საკარანტინო ზონიდან იქნა გადაყვანილი, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. 

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 11-ს მიაღწია

ახალ პაციენტებს შორის 60-დან 70 წლამდე ქალი და მამაკაცი ერთი ოჯახის წევრები არიან, მესამე პაციენტი კი 25 წლამდე ახალგაზრდა ქალია. ყველა მათგანი ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონაში იმყოფებოდა და ახლა ისინი მკურნალობას სოფელ რუხის მულტიფუნქციურ სავადმყოფოში განაგრძობენ.

ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროსათვის კორონავირუსის დიაგნოზით 41 პაციენტი მკურნალობს, გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. 

დღეისათვის კლინიკაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 87-ს მიაღწია.

საავადმყოფოში არის ერთი კრიტიკული პაციენტი, რომლის მდგომარეობაც სტაბილური გახდა, თუმცა ექიმებს ჯერ რაიმე პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

ეზუგბაიას თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა რეალურად პიკის პერიოდში იმყოფება, ვირუსთან დაკავშირებით არსებული მონაცემები იმედის მომცემია. 

შეზღუდვები, რომლებიც საქართველოში 11 მაისიდან მოიხსნება

„შეზღუდვები შემსუბუქდება, მაგრამ მოსახლეობამ უნდა გააგრძელოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება, რაც მომავალშიც აუცილებელია. ჩვენ ცხოვრების ახლანდელი წესი მკვეთრად არ უნდა შევცვალოთ. ჩვენ შეზღუდვების პირობებში ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისათვის კლინიკებში კორონავირუსის დიაგნოზით 311 პაციენტი მკურნალობს, ხოლო განკურნებულთა რაოდენობამ 317 ადამიანს მიაღწია.

თბილისის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 62 პაციენტია მოთავსებული, მათგან ათი მოზარდია. პაციენტების მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო და მძიმე. ხუთი პაციენტი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

შაბათ-კვირას კლინიკაში ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა, კიდევ სამი ადამიანი კლინიკას, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს.

კლინიკაში ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერთან დაკავშირებული მხოლოდ ერთი პაციენტი მკურნალობს, საუბარია შუახნის ქალზე, მისი მდგომარეობაც სტაბილურია.

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ცხრა პაციენტმა დატოვა, დღის მეორე ნახევარში საავადმყოფოდან, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე პაციენტი გაეწეროს.

კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, დაავადების მკვეთრად კლების დინამიკა შეინიშნება.

კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 52 პაციენტი მკურნალობს და უკვე რამდენიმე დღეა, რაც დაწესებულებაში კორონავირუსის დიაგნოზით ახალი პაციენტი არ შესულა. 

რუხის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი მოათავსეს

რატიანის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა, საუნივერსიტეტო კლინიკაში პრესკონფერენციები ყოველდღიურად აღარ ჩატარდება და მხოლოდ კვირაში ორჯერ - ორშაბათობით და პარასკევობით გაიმართება.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 638 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 317 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. გარდაიცვალა 11 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4769, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 414 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყანაში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გაგრძელდა. გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.