COVID-19 - ბოლო ცნობები

რუხის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი მოათავსეს

გავრცელებული ინფორმაციით, სამივე ახალი შემთხვევა ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერის პირველადი კონტაქტებია. ამ დროისათვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო ან მსუბუქი სიმძიმისაა.
Sputnik

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. ანაკლია–განმუხურის საკარანტინო ზონიდან რუხის მულტიფუნქციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი მოათავსეს, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ზუგდიდიდან. 

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 11-ს მიაღწია

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები საკარანტინო სივრცეში 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, თუმცა მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომი არ აღენიშნებოდათ. ახალ პაციენტებს შორის 60-დან 70 წლამდე ქალი და მამაკაცი ერთი ოჯახის წევრები არიან, მესამე პაციენტი კი 25 წლამდე ახალგაზრდა ქალია. 

„საკარანტინო სივრცის დატოვების წინა დღეს სამივე მათგანს PCR-ტესტი ჩაუტარდა. სამივე შემთხვევაში პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ამ დროისთვის სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო ან მსუბუქი სიმძიმისაა“, – განაცხადა კლინიკის ექიმმა ირაკლი გვაზავამ.

ამჟამად რუხის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ოთხი პაციენტი მკურნალობს. ბოლო სამი შემთხვევა თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება, ერთს კი თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ნიკა ლატარია