COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან 64 უკვე გაიხსნა

საკვანძო ადგილებში არსებული აგრარული ბაზრები, ყველა რეგიონში ფუნქციონირებს, დარჩენილი ბაზრების უმეტესობა სეზონურია და შესაბამისად განაახლებს საქმიანობას
Sputnik

თბილისი, 10 მაისი - Sputnik. საქართველოში რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან, 10 მაისის მონაცემებით, 64 უკვე გაიხსნა, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.

თბილისში და სხვა ქალაქებში დროებით დაიკეტა აგრარული ბაზრები, რომელთა ნაწილი გაიხსნა 27 აპრილიდან. ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა და შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.

ბიზნეს–ასოციაცია ეკონომიკის გახსნის დაჩქარებულ ტემპს მიესალმება

დღეისათვის, საკვანძო ადგილებში არსებული აგრარული ბაზრები, ყველა რეგიონში ფუნქციონირებს, დარჩენილი ბაზრების უმეტესობა სეზონურია და შესაბამისად განაახლებს საქმიანობას.

„აგრარული ბაზრების გახსნას წინ უძღოდა მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც ბაზრების ადმინისტრაციამ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებითა და ზედამხედველობით განახორციელა.

საბითუმო და საცალო ვაჭრობის ობიექტებში ჩატარდა მოსაპირკეთებელი და დასუფთავების სამუშაოები, მოხდა ძველი დახლების დემონტაჟი და ნარჩენების გატანა“, - ნათქვამია განცხადებაში.

აგრარული ბაზრების გახსნამდე, დამონტაჟდა დეზობარიერები და ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, კონტროლდება პერსონალის და მომხმარებლის დამცავი საშუალებებით აღჭურვა და სოციალური დისტანციის დაცვა.

აგრეთვე, სააგენტოს ზედამხედველობით, რამდენიმე აგრარულ ბაზარში სარეაბილიტაციო სამუშაოები და ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს.