თბილისი, 10 მაისი - Sputnik. სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც კორონავირუსით დაავადებული პაციენტები მკურნალობენ, რჩება 316 პაციენტი, აქედან 40 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, განაცხადა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარიან ეზუგბაიამ.
როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ერთ-ერთი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
„ბოლო 24 საათში ცხრა ახალი შემთხვევაა დადასტურებული და ახლა არის 635 შემთხვევა. ეს არის ძირითადად ცნობილი წყაროები. ამ ცხრა პაციენტიდან ყველაზე მეტი არის თეთრიწყაროს კლასტერიდან. ამ დროისთვის გვყავს 40 კოვიდინფიცირებული, მათი მდგომარეობა ძირითადად საშუალო სიმძიმისაა, გვყავს კრიტიკულად მძიმე ერთი პაციენტი, მძიმე პნევმონიით“, - განუცხადა ჟრნალისტებს ეზუგბაიამ.
მისი თქმით, კლინიკას ახალი პაციენტი არ მიუღია.
კორონავირუსის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში დადასტურდა. პაციენტი მკურნალობას მარნეულის კლინიკა „ავერსში“ გადიოდა. კიდევ ექვსი ადამიანის ტესტი უარყოფითი აღმოჩნდა.
სოფელ მუშევანში COVID-19-ის სულ 28 შემთხვევა გამოვლინდა, 25 აპრილიდან სოფელში მკაცრი კარანტინი მოქმედებს. დღეისათვის ბოლნისში კორონავირუსის 121 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 25 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსი დღეს ოთხ პაციენტს დაუდგინდა. ახალი შემთხვევებიდან ორი უკვე ცნობილ, სამედიცინო კლასტერს უკავშირდება და დაავადებული ადამიანების ოჯახის წევრები არიან, ორი მათგანი კი თეთრიწყაროდან საკარანტინო სივრცეებში იყო გადანაწილებული. თეთრიწყაროში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 51-მდე გაიზარდა.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
„10 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 71 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 59 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში სამი პაციენტი მკურნალობს. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 62 პაციენტი. გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი“, - აღნიშნულია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის Facebook-გვერდზე.
ბოჭორიშვილის კლინიკაში პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. შაბათს დაწესებულება დატოვა ექთანმა საგარეჯოდან, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც უცვლელი მდგომარეობაა.
„კოვიდ დადასტურებული გვყავს 43. მათ შორის ერთი გუშინ გადმოიყვანეს ბოლნისიდან, მართვით სუნთქვაზე, მძიმე პაციენტი... დანარჩენი ყველა პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დადებითია. ორი პაციენტი გუშინ გავუშვით. დღეს კიდევ ველოდებით რეტესტირების შედეგებს“, - განაცხადა საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ.
უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ახალი შემთხვევების რაოდენობას აჭარბებს. ასე მაგალითად, ბოლო 24 საათში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს 9 ადამიანს, ხოლო გამოჯანმრთელდა 12 პაციენტი.
კორონავირუსი აშშ-ში, იტალიასა და მსოფლიოში - ბოლო მონაცემები 10 მაისისთვის >>
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 635-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელდა 309 ადამიანი, გარდაიცვალა 10 ადამიანი.