მსოფლიო დღეს

„ასე არ გამოვა“: გერმანია ბრიტანეთის სიჯიუტით უკმაყოფილოა

გერმანელი მინისტრის თქმით, თუ ბრიტანეთის გამო „ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის, წლის ბოლოს, კორონავირუსის კრიზისთან ერთად Brexit–ის გადალახვაც“ მოუწევს ევროკავშირს
Sputnik

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი კვლავ შორს არიან შეთანხმებისგა, რომელმაც Brexit–ის შემდეგ საკვანძო მიმართულებებით ურთიერთობების აგება უნდა განსაზღვროს, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა გამოცემა Augsburger Allgemeine-სთან ინტერვიუში. 

„შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ დიდი ბრიტანეთი მოლაპარაკებებში კვლავ შორსაა ჩვენი ერთობლივი  პოლიტიკური დეკლარაციის ძირითადი პუნქტებისგან. ასე არ გამოვა. მოლაპარაკებები ხომ სრულ პაკეტს წარმოადგენს, როგორც ეს დეკლარაციაშია ნათქვამი “, — აღნიშნა მაასმა.

გერმანელი მინისტრის თქმით, თუ ბრიტანეთის გამო „ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის, წლის ბოლოს, კორონავირუსის კრიზისთან ერთად Brexit–ის გადალახვაც“ მოუწევს ევროკავშირს. 

ევროპა ზარალს ითვლის: მართლდება ყველაზე ცუდი მოლოდინები

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირისა და ბრიტანეთის წარმომადგენლებს შორის აპრილში გამართულ მოლაპარაკებებზე ძირითად საკითხებში მნიშვნელოვანი პროგრესი არ დაფიქსირებულა. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 11 მაისსაა დანიშნული.

როგორც ევროკავშირის მთავარი მომლაპარაკებელი მიშელ ბარნიე აცხადებს, ბრიტანეთი უარს ამბობს ნებისმიერ კომპრომისზე ბიზნესის წარმოებისთვის ბალინსირებული პირობების, ადამიანებისა და ტვირთების თავისუფალი გადაადგილებისა და სხვა საკითხებში.

თავის მხრივ, ბრიტანეთს იმედი აქვს, რომ წლის ბოლომდე მიაღწევს შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ,  ქვეყანა ევროკავშირთან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ტარიფებითა და პირობებით ივაჭრებს. ეს კი, ექსპერტების აზრით, მკვეთრად ნეგატიურად აისახება თავად გაერთიანებული სამეფოების ეკონომიკაზე.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობიდან ოფიციალურად მიმდინარე წლის 1 თებერვალს გავიდა. გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ლონდონი და ბრიუსელი ეკონომიკური ურთიერთობების ძველ ფორმატს ინარჩუნებენ, 2020 წლის 31 დეკემბერს იწურება.