თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლოში რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, იუწყება ტელეკომანია „რუსთავი2“.
რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე ხულიგნობის მუხლით რამდენიმე დღის წინ დააკავეს. დაკავების მიზეზი კონფლიქტი გახდა, რა დროსაც რამდენიმე პირი ცივი იარაღით დაჭრეს.
სასამართლოს შენობასთან ბრალდებული პირების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილნი. ადგილზე ასევე მობილიზებულია სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა.
რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ისინი უკანონოდ არიან დაკავებულები და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამავე მოთხოვნით ისინი გუშინ აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს, სადაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს.