COVID-19 - ბოლო ცნობები

ამ დრომდე საზღვარგარეთ კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 13 მოქალაქე გარდაიცვალა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ამ დრომდე საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს 45 მოქალაქე დაინფიცირდა და მათგან 13 გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული, ხოლო 13 მოქალაქე გარდაცვლილი, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

საქართველოში კორონავირუსით მეათე პაციენტი გარდაიცვალა

მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„არსებული შეზღუდვის ფონზე, მოგეხსენებათ, ძალიან გამკაცრდა გარდაცვლილთა გადმოსვენების რეგულაციები. ის მიმდინარეობდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლის მიხედვით, ამიტომ შეფერხდა გარდაცვლილთა გადმოსვენების, ტრანსპორტირების პროცესი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ქართველი მეზღვაურებისთვის აღმოჩენილი დახმარება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა კორონავირუსთან საქართველოს ბრძოლას მაღალი შეფასება მისცა

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთობლივი ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მყოფი მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნება, ასევე ადგილზე სამედიცინო ხასიათის და ინდივიდუალური ხასიათის ქმედითი დახმარებები.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 623 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 288 პაციენტი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4723, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 446 პირია.