COVID-19 - ბოლო ცნობები

შსს: საგანგებო მდგომარეობის პირობებში 9 მაისის აქციისა და მანიფესტაციის გამართვა იკრძალება

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით,  საქართველოში 21 მარტიდან 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და დაწესებულია რიგი აკრძალვები, მათ შორის, სამზე მეტი პირის შეკრება
Sputnik

თბილისი, 8 მაისი - Sputnik. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში აკრძალულია ნებისმიერი აქციის, შეკრებისა და მანიფესტაციის, ასევე კულტურული ღონისძიებების, მათ შორის გამარჯვების დღის გამართვა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თბილისში 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, როგორც წესი ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები ვაკის პარკში მემორიალთან იკრიბებიან. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით,  საქართველოში 21 მარტიდან 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და დაწესებულია რიგი აკრძალვები, მათ შორის, სამზე მეტი პირის შეკრება. 

გამარჯვების 75-ე წლისთავი: პუტინმა ქართველ ვეტერანებს მისალოცი წერილი გაუგზავნა

„22 მაისის ჩათვლით საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რა დროსაც იკრძალება შეკრებებისა და მანიფესტაციების, ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. შესაბამისად, ხვალ, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში შესვლა-გამოსვლას და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გააკონტროლებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან,  იკრძალება საქართველოს კანონით - „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებული წესების დარღვევა, რაც გამოიხატება კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების გამოყენებაში. აღნიშნული სამართალდარღვევა იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები“, -აღნიშნულია განცხადებაში.

სამზე მეტი პირის შეკრების აკრძალვასთან ერთად, საქართველოში 70 წელზე ზემოთ ასაკის პირებს ეკრძალებათ სახლიდან გასვლა, გარდა უახლოესი აფთიაქისა და სასუსსათო მაღაზიისა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 ათასი ლარით.