თბილისი, 7 მაისი - Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ნაციონალური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. შესაბამისი განკარგულება სახელმწიფო მეთაურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა, ამას წინათ განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელია სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის ნებისმიერ მნიშვნელოვან თანამდებობაზე.
„დაინიშნოს მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ; ალექსანდრ იაკობის ძე ოლშანსკი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ“, - ნათქვამია განკარგულების ტექსტში.
ზელენსკი სააკაშვილს დანიშვნას ულოცავს: „გულწრფელად ვულოცავ მიხეილ ნიკოლოზის ძეს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, რომ ის შეძლებს მისცეს იმპულსი რეფორმების ეროვნულ საბჭოს და დაეხმარება ქვეყანას მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებაში“, – აღნიშნავს ზელენსკი.
განკარგულება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე.
აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილს უკრაინის მთავრობაში თანამდებობა შესთავაზეს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ შეაფასა, როგორც არამეგობრული ნაბიჯი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან.
სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემდეგ ავტომატურად დაკარგა. საქართველოს ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. სასამართლოში მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმე იხილება.
რაც შეეხება უკრაინაში მის პოლიტიკურ კარიერას, იგი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მმართველობისას ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. თანამდებობაზე მან ერთი წელიც ვერ გაძლო. მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს. უკრაინაში დაბრუნება და მოქალაქეობის აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ქვეყნის პრეზიდენტად ვლადიმირ ზელენსკი აირჩიეს.