COVID-19 - ბოლო ცნობები

საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამშობლოში 9,8 ათასზე მეტი თანამემამულე დაბრუნდა

მსოფლიოში COVID-19-ის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, საზღვარგარეთ დიპლომატიურ მისიებთან კოორდინაციაში, ქვეყნის მოქალაქეებს აქტიურად ეხმარება.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ უცხოეთიდან სამშობლოში 9 815 თანამემამულე დაბრუნდა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

რაც შეეხება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საელჩოებმა დახმარება 19 215 თანამემამულეს აღმოუჩინეს. 

მსოფლიოში საშიში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, უცხოეთში დიპლომატიურ მისიებთან კოორდინაციაში, აქტიურად ეხმარება ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფებიან. მათ, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფენ საცხოვრებლით, საკვებითა და მედიკამენტებით, ასევე ეხმარებიან სამშობლოში დაბრუნებაში.  

საქართველოში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდგინდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო კორონავირუსის პანდემიის პირობებში უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად აქვეყნებს. აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს: სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა.

უწყების ცნობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების განრიგით დაგეგმილია: 9 მაისს ბერლინი-თბილისის და 15 მაისს ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით ფრენების განხორციელება.

ფრენებს ახორციელებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways. ბილეთის ფასია 199 ევრო.

თითოეული დაბრუნებული მოქალაქე სპეციალურ ზონებში მედიკოსების დაკვირვებით სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლის.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 275, გარდაიცვალა 9 პაციენტი.