პურის დეფიციტი არ იქნება: ქართულმა კომპანიამ 18 ათასი ტონა ხორბალი შეიძინა

კორონავირუსის პანდემიის ფონზე ექსპერტები ფასების ზრდას და მთელი რიგი ქვეყნების მხრიდან ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვებს ელოდებიან.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. კომპანია „ბევრილი გრუპმა“, რომელიც საქართველოს ფქვილით ამარაგებს, 18 ათასი ტონა ხორბალი შეიძინა, ნათქვამია სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

რამდენ ხანს ეყოფა საქართველოს ხორბლის მარაგი

გავრცელებული ინფორმაციით, პირველი 6 ათასი ტონა მარცვლეული უკვე ფოთის პორტში შემოვიდა, კიდევ 12 ათასი კი უახლოეს დროში ჩამოვა.

„ეს არის წამყვანი კომპანია, რომელიც ფქვილითა და პურით ამარაგებს არა მარტო ჩვენს რეგიონს, არამედ საქართველოს დიდ ნაწილს. კომპანიას ხორბლის მარაგი ჰქონდა, გარდა ამისა, შეიძინა კიდევ 18 ათასი ტონა. შესაბამისად, ქვეყანაში ფქვილისა და პურის დეფიციტი გამორიცხულია“, – განაცხადა მხარის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.

მისი სიტყვებით, ხორბლის შეძენა სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

მარცვლეულზე ფასების მკვეთრი ზრდის პირობებში კომპანიებისთვის დახმარებისა და პურზე ფასების მატების თავიდან არიდების მიზნით საქართველოს მთავრობამ ხორბლის და პირველი ხარისხის ფქვილის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა.

პროგრამის პირობების თანახმად, იმპორტიორი ვალდებულია პირველი ხარისხის ფქვილის რეალიზაცია განახორციელოს ერთი 50 კგ-იან ტომარის არაუმეტეს 51 ლარად, სუბსიდირების ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს მომდევნო სამი თვის განმავლობაში.

ხელისუფლება მთლიანობაში გეგმავს 40 ათასი ხორბლის იმპორტის სუბსიდირების განხორციელებას. აღნიშნულ პროგრამაზე ხელისუფლება 5,2 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

პროგრამის პირობების თანახმად, იმპორტიორი, რომელიც საქართველოში შემოიტანს არანაკლებ 2 000 და არაუმეტეს 40 000 ტონა მოცულობის ხორბალს, სახელმწიფოსგან ერთ ტონა ხორბალზე მიიღებს არაუმეტეს 40 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.