COVID-19 - ბოლო ცნობები

გამყრელიძე: ეპიდემიოლოგები განსაკუთრებულ ყურადღებას ქვემო ქართლის რეგიონს აქცევენ

რეგიონის სამი მუნიციპალიტეტი - მარნეული, ბოლნისი და თეთრიწყარო მკაცრ კარანტინზეა, აქ ინფექციაზე ორი ათასზე მეტი ადამიანი შეამოწმეს
Sputnik

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 604 ადამიანიდან 30% ქვემო ქართლის რეგიონზე მოდის, განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისათვის ქვემო ქართლში კორონავირუსით ინფიცირების 198 დადასტურებული შემთხვევაა.

„საქართველო პიკზეა“ - ამირან გამყრელიძე სიფრთხილისკენ მოუწოდებს

„ქვეყანაში დაახლოებით 12-დან 15-მდე კლასტერია და მგონი, მათი სახელები ყველამ იცის. ჩვენ დღეს განსაკუთრებული ყურადღება გვაქვს ქვემო ქართლის რეგიონზე და კერძოდ, სამ მუნიციპალიტეტზე მიპყრობილი, ეს გახლავთ: მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები. განსაკურებით მაღალი დასენიანება გვაქვს ბოლნისში - 117, შემდეგ თეთრიწყაროში - 48, მარნეულში - 33“, - განაცხადა გამყრელიძემ ვიდეო-კონფერენციის დროს.

დღეს მუნიციპალიტეტები მკაცრ კარანტინზეა ჩაკეტილი, რათა ვირუსმა საზღვრები არ გადალახოს.

გამყრელიძე: გამოჯანმრთელებულთა რიცხვი მთელ რიგ დღეებში აჭარბებს ახალ ინფიცირებულთა რიცხვს >>

გამყრელიძის თქმით, რეგიონში მოსახლეობის ინტენსიური კვლევა მიმდინარეობს. PCR-ტესტი 2000-მდე ადამიანს ჩაუტარდა.

„ჩვენ შევიმუშავეთ რეგიონის შემდგომი მხარდაჭერის ღონისძიებათა გეგმა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე კვირისა და მომავალი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად ინტენსიური გახდება მუშაობა რეგიონში, რათა მაქსიმალურად გამოვიკვლიოთ ადამიანების დიდი რაოდენობა,  ინფიცირებულები ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ და დროულად ვუმკურნალოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 240. კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოიყვანეს საქართველოს სამი მოქალაქე. კარანტინში იმყოფება 4 919 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 497 პაციენტია. ამ დროისათვის კლინიკებში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 355 პაციენტი მკურნალობს.