მსოფლიო დღეს

რუსეთის გარეშე: აშშ მთვარის რესურსების მოპოვებას რამდენიმე ქვეყანასთან ერთად გეგმავს

რუსეთი პირველ ხანებში ამ ქვეყნებს შორის არ იქნება, ვინაიდან „პენტაგონი სულ უფრო ხშირად განიხილავს მოსკოვს მტრად რუსული თანამგზავრების სახიფათო მანევრების გამო“.
Sputnik

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამზადებს ახალი საერთაშორისო შეთანხმების პროექტს მთვარეზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ, რომელშიც რიგი ქვეყნების ჩართვა იგეგმება, იუწყება სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით. 

მთვარე ამერიკისაა: დონალდ ტრამპმა ახალი ბრძანებულება გამოსცა

სააგენტოს ცნობით, შეთანხმება სახელწოდებით Artemis Accords ითვალისწინებს „უსაფრთხოების ზონის“ შექმნას მთვარეზე მომავალი ბაზების გარშემო, რათა „აღიკვეთოს უშუალო სიახლოვეს მომუშავე კონკურენტი ქვეყნებისა თუ კომპანიების მხრიდან ჩარევა და ზარალი“.

გარდა ამისა, დოკუმენტის მიზანია, მიანიჭოს მთვარის რესურსების მომპოვებელ კომპანიებს უფლება, გახდნენ ამ რესურსების მესაკუთრეები.

სააგენტო აზუსტებს, რომ აშშ-ის მაღალჩინოსნები უახლოეს კვირებში ოფიციალურად განიხილავენ შეთანხმებას კანადასთან, იაპონიასთან, ევროკავშირის ქვეყნებთან და ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.

სააგენტოს წყაროს ცნობით, რუსეთი პირველ ხანებში ამ ქვეყნებს შორის არ იქნება, ვინაიდან „პენტაგონი სულ უფრო ხშირად განიხილავს მოსკოვს მტრად რუსული თანამგზავრების სახიფათო მანევრების გამო“.

ამასთან, ერთ-ერთი წყაროს თქმით, რაიმე სახის „ტერიტორიულ პრეტენზიებზე“ საუბარი არ მიდის.