"თბილისის მიკროავტობუსის" და ლიცენზირებული ტაქსის მძღოლები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ

ლიცენზირებული ტაქსებისა და კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ მძღოლები დეტალურ ინფორმაციას, თუ რა პროცედურების გავლაა საჭირო, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებენ.
Sputnik

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში „თბილისის მიკროავტობუსისა“ და „თბილისის ტაქსის“ მძღოლები ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისის პირობებში საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მოსახლეობის სოციალურ დახმარებასა და ბიზნესის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.

კახა კალაძის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი მიმართულება დაზარალდა. მათ შორის არიან ლიცენზირებული ტაქსებისა და „თბილისის მიკროავტობუსის“ მძღოლებიც. 

კალაძე თბილისში ველოსიპედების შემოყვანას გეგმავს

„დახმარების მისაღებად საჭირო იქნება გარკვეული, მინიმალური პროცედურების გავლა და შესაბამისი სამსახურებისთვის მონაცემების მიწოდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მერმა აღნიშნა, ლიცენზირებული ტაქსებისა და კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ მძღოლებს აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიეწოდებათ. 

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა მუნიციპალური ტრანსპორტის იმ მძღოლებს, რომლებიც კორონავირუსის პერიოდში საკარანტინო სივრცეებიდან მოქალაქეებისა და ექიმების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდნენ.

დღეისათვის თბილისში ტაქსები – გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა. ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო 31 მარტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მუშაობს. 17-დან 27 აპრილამდე პერიოდში ასევე შეზღუდული იყო მსუბუქი ავტომობილების, მათ შორის ტაქსების გადაადგილება. ამჟამად ეს აკრძალვა მოხსნილია.