თბილისი, 6 მაისი - Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად აკრიტიკებს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას და ამტკიცებს, რომ იგი რეალურად გაჭირვებული მოსახლეობის დახმარებისკენ არაა მიმართული. ასეთი პრეტენზიების მიზეზი გახდა, მაგალითად, თვითდასაქმებულებისთვის დახმარების გაცემის პირობა – მათ დახმარების მისაღებად იურიდიული პირის მიერ გაცემული ცნობა უნდა წარმოადგინონ, რაც უმეტეს შემთხვევებში არარეალურია.
ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ ამ თვალსაზრისით დახმარების გარეშე დარჩა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ფიზიკურ პირთან მუშაობდა ან თვითდასაქმებული იყო.
რა სურს ოპოზიციას
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, პარტიას მოსახლეობის დახმარების თემაზე კონკრეტული კითხვები დაუგროვდა და მათ პასუხების მისაღებად საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ნორმას მიმართეს.
ქვეყნის მთავარი კანონის თანახმად, დეპუტატების ჯგუფს უფლება აქვს ინტერპელაციის ფარგლებში წერილობით კითხვებით მიმართოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ან ნებისმიერ მინისტრს, ისინი კი ვალდებული არიან პარლამენტის სხდომაზე ამ კითხვებზე პასუხები გასცენ.
„ორჯერ, როცა საგანგებო მდგომარეობა ცხადდებოდა, გიორგი გახარია პარლამენტში არ მოვიდა და თავისი წარმომადგენელი გამოგზავნა. ახლა მას კონსტიტუცია ავალდებულებს პარლამენტში მოსვლას და ჩვენ კითხვებზე პასუხის გაცემას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
მისი სიტყვებით, მათ გახარიას სახელზე კითხვები უკვე შეიტანეს.
გახარია მივა, ოღონდ არა ახლა
22 მაისამდე, ვიდრე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, საქართველოს პარლამენტში არდადეგებია გამოცხადებული და ამის შემდეგ იგი ყველა კითხვას უპასუხებს, ამტკიცებენ მმართველ პარტიაში.
„ჯერ ჩვენ გადასაწყვეტი გვაქვს - საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება თუ არა. ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შემცირდება რისკები და რამდენად იქნება შესაძლებელი ამ დროისთვის ყველა შეზღუდვის მოხსნა. თუ საგანგებო მდგომარეობა არ გაგრძელდება, პარლამენტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს, და თუ იგი გაგრძელდება, პარლამენტი საგანგებო სესიის ფარგლებში იმუშავებს, როცა ინტერპელაციის საკითხის წამოწევა ვერ მოხდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრთან კითხვები მმართველ პარტიასაც აქვს და გახარიას კრიზისის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარმოდგენა მოუწევს.
მთავრობის ანტიკრიზისული დახმარება
კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან ბრძოლისთვის საერთაშორისო პარტნიორებისგან საქართველო მთლიანობაში 3 მლრდ დოლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს.
საქართველოს მთავრობამ უკვე შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის თანახმადაც ხელისუფლება ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს სამსახურის გარეშე დარჩენილ, სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, თვითდასაქმებულ პირებს და მრავალშვილიან ოჯახებს.
ცალკე გეგმა არის შემუშავებული ასევე ბიზნესის დასახმარებლად, რომელსაც მთავრობა გარკვეულ საგადასახადო და სასესხო შეღავათებს შესთავაზებს.
ხელისუფლება უახლოეს დღეებში ასევე წარმოადგენს ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის დახმარების გეგმას.