სააკაშვილი: ზელენსკი ჩემი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს

ადრე სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მას რეფორმების და ფინანსურ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ერთ-ორ დღეში რომელიმე თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ განაცხადებს.

სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად არ დაინიშნება – მასმედია

ადრე სააკაშვილმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ მას რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების საკითხები დაავალა. დანიშვნისთვის მხარე უნდა დაეჭირა უმაღლეს რადას, თუმცა დეპუტატებში მისმა კანდიდატურამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მათ შორის პრეზიდენტის პარტიაში „ხალხის მსახური“. მოგვიანებით ამ პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ დავით არახამიამ განაცხადა, რომ სააკაშვილი სხვა თანამდებობაზე დაინიშნება.

„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი უახლოეს ერთ-ორ დღეში, არ ვიცი, როდის გადაწყვეტს, ეს მისი გადაწყვეტილებაა, რაღაც კონკრეტულს გამოაცხადებს. მე არ დავეძებ თანამდებობებს, კაბინეტებს. კაბინეტებზე ალერგია მაქვს“, - განაცხადა სააკაშვილმა ტელეარხ „უკრაინა 24“-ის ეთერში.

სააკაშვილმა არ გასცა პასუხი შეკითხვაზე, რომელ სფეროში შეიძლება მიიღოს თანამდებობა და რით დაკავდება უკრაინაში. „არაეთიკურია გავაკეთო კომენტარი, სანამ ის არ გამოაცხადებს“, - განაცხადა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.

საქართველოს ხელისუფლების რეაქცია

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკვეთრად დაგმეს სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე და ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე.

მაგალითად, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სააკაშვილის ვიცე-პრემიერის დანიშვნის შემთხვევაში გამოთქვა მზადყოფნა უკრაინიდან საქართველოს ელჩი გამოიწვიოს.

კალაძე: ავანტურისტი სააკაშვილი არ სჭირდება არც საქართველოს, არც უკრაინას

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მიუღებელია მისი დანიშვნა ნებისმიერ თანამდებობაზე. „ეს აღიქმება, როგორც არამეგობრული ნაბიჯი და დიდი იმედი გვაქვს, საქმე აქამდე არ მივა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინაში საქართველოს ექს-პრეზიდენტის ნებისმიერ თანამდებობაზე  დანიშვნის მიუღებლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც განაცხადა. მისი თქმით, ეს „ქვეყნებს შორის ნდობის დეფიციტს გამოიწვევს“.

დღესდღეობით სააკაშვილს არა აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ის უკრაინის მოქალაქეა და ბოლო დროს სწორედ უკრაინაში ცხოვრობს. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი გახდა მიზეზი ინტერპოლისთვის, უარი ეთქვა ქვეყნის ექსპრეზიდენტის საერთაშორისო ძებნილად გამოცხადებაზე.

დეპუტატი: სააკაშვილი დამნაშავეა და მაღალი თანამდებობის დაკავებას ვერ შეძლებს

ამასთან, სააკაშვილი ჯერ კიდევ იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ სასამართლოს გამოტანილი განაჩენის საფუძველზე. ექსპრეზიდენტს დაუსწრებლად აქვს მისჯილი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 2005 წელს პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. გარდა ამისა, მას დაემატა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა 2007 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულების შეწყალების გამო. სააკაშვილი ბრალდებულია ასევე 5 მილიონი დოლარის ოდენობის სახელმწიფო სახსრების პირადი მიზნებისთვის გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეში.

სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში 2015 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, მანამ კი მოქალაქეობა მიანიჭა. თუმცა უკვე 2016 წლის ნოემბერში პოროშენკომ სააკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა და განაცხადა, რომ მან არა მარტო არ შეასრულა რეგიონის განვითარების პირობა, არამედ მნიშვნელოვნად გააუარესა ოლქის ეკონომიკური მაჩვენებლები. სააკაშვილი უკრაინიდან გააძევეს და მოქალაქეობა ჩამოართვეს. კიევში დაბრუნება მან ახალი პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიერ მისთვის მოქალაქეობის დაბრუნების შემდეგ მოახერხა. სააკაშვილის მიერ უკრაინაში შექმნილი პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ უკრაინის რადაში ვერ მოხვდა.